წითელი ვერსია

მედიაპლატფორმა

 

 

  • სიზუსტე

 

 

  • ფაქტების და შეფასებების გამიჯვნა

 

 

  • ბალანსი

 

 

  • მიუკერძოებლობა

 

 

  • სარედაქციო დამოუკიდებლობა

 

 

  • ანგარიშვალდებულება

 

 

  • კეთილსინდისიერება

 

 

  • საზოგადოებრივი ინტერესი

 

 

  • პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

 

 

  • დისკრიმინაციის დაუშვებლობა

 

 

  • ნდობა

                                                 

                                                განმარტებები       

 

სიზუსტე

ჟურნალისტი ზუსტად უნდა გადმოსცემდეს ფაქტებს. სიზუსტის  მისაღწევად აუცილებელია ინფორმაციის მოძიება პირველწყაროდან, მათ შორის თვითმხილველებისგან, მუშაობა მოვლენების ეპიცენტრში. სიზუსტე უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ფაქტების სწორად მოყოლა. მოვლენის სრული სურათის წარმოსაჩენად საჭიროა ამ მოვლენასთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის გადამუშავება.

ინფორმაციის წყარო კრიტიკულად უნდა შემოწმდეს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც საქმე სადავო საკითხს ეხება. ინფორმაციის წყაროს შესაძლოა პირადი ინტერესი ან ზიანის მიყენების განზრახვა ამოძრავებდეს. დაუშვებელია ისეთი ინფორმაციის გადაცემა, რომლის წყარო ჟურნალისტისთვის არ არის ცნობილი. დაუშვებელია არასწორი ან ნახევრად მართალი ინფორმაციის გავრცელება და აუდიტორიის შეცდომაში შეყვანა.

სიზუსტე ნიშნავს არა მხოლოდ გადამოწმებული ფაქტების სწორად გადმოცემას, არამედ იმ მოსაზრებების ზუსტად გადმოცემასაც, რომელსაც საინფორმაციო მასალებში ვიყენებთ. ციტირება ან მოსაზრების გადმოცემა აუცილებელია აბსოლუტური სიზუსტით და შესაბამის კონტექსტში. დაუშვებელია ციტატიდან მნიშვნელოვანი ნაწილების ამოღება, ან ისეთ კონტექსტში მოთავსება, რაც წარმოშობს მისი სხვაგვარად ინტერპრეტირების საშუალებას.

 

ფაქტების და შეფასებების გამიჯვნა

ფაქტები და კომენტარები მკაფიოდ უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან. გამიჯვნის პრინციპი გულისხმობს მომხმარებლისთვის ინფორმაციის ისეთი სახით მიწოდებას, რომ აუდიტორიამ დაინახოს განსხვავება ფაქტსა და შეფასებას შორის.

მოსაზრების სუბიექტურობა გარდაუვალია, ამიტომ ჟურნალისტმა უნდა უზრუნველყოს მოსაზრების გადმოცემა კეთილსინდისიერად და სამართლიანად, ფაქტებისა და  გარემოებების დაუმახინჯებლად.

 

ბალანსი

ბალანსი  გულისხმობს კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებული დაინტერესებული მხარეების წარმოჩენას და შესაბამისად, მომხმარებლისთვის ზუსტი და სრული ინფორმაციის მიწოდებას.

მოსაზრებათა დაბალანსებული გაშუქება განსხვავებულ პოზიციებს შორის წმინდა მათემატიკური ბალანსის დაცვას არ გულისხმობს. ეს ნიშნავს თითოეული განსხვავებული მოსაზრებისთვის მისი მნიშვნელობის შესაფერისი დროისა თუ ადგილის დათმობას.

თუ კონკრეტულ მოვლენას ან ამბავს მხოლოდ ერთი მხარე აქვს, არ არის სწორი საწინააღმდეგო აზრის ხელოვნურად მოძიება.

 

მიუკერძოებლობა

თითოეული სადავო საკითხი აუცილებლად მოითხოვს მიუკერძოებელ მიდგომას. ეს შეიძლება იყოს საკითხი, რომლის გარშემოც საზოგადოების მოსაზრებები პოლარიზებულია, ან რომელზეც პოლიტიკოსებს სხვადასხვა პოზიციები აქვთ.

ჟურნალისტი ინფორმაციის მოძიების პროცესს და მასალის მომზადებას უნდა მიუდგეს მიუკერძოებლად და არ უნდა მოექცეს საზოგადოების ცალკეული წევრების თუ პოლიტიკოსების მოსაზრებების გავლენის ქვეშ.

ასევე აუცილებელია, თავიდან ავიცილოთ მოსაზრებათა შერჩევითობა. ჟურნალისტმა არ უნდა უგულებელყოს ის მნიშვნელოვანი მოსაზრება, რომელსაც პირადად არ ეთანხმება.

ჟურნალისტს, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, უფლება აქვს, ჰქონდეს საკუთარი აზრი პოლიტიკური ან სხვა მოვლენების შესახებ. თუმცა მუშაობის პროცესში ჟურნალისტმა უნდა შეინარჩუნოს  პროფესიული დისტანცია მოვლენების მიმართ, რაც მიუკერძოებელი და პროფესიონალური გაშუქების ერთ-ერთი წინაპირობაა.

მიკერძოებულია მედიაპროდუქტი, თუ იგი შეგნებულად ან გაუცნობიერებლად არის ტენდენციური და გამოხატავს მხოლოდ რომელიმე პირის, ჯგუფის ან ორგანიზაციის მოსაზრებებს და არა კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებული ყველა მხარის პოზიციას სრულყოფილად.

ჟურნალისტი შეიძლება იყოს მიკერძოებული წარმატების,  სამართლიანობის და საზოგადოებრივი სიკეთის მიმართ. 

 

სარედაქციო დამოუკიდებლობა

მედიასაშუალებების და ჟურნალისტების მიმართ  ნდობა მათ დამოუკიდებლობას ემყარება - ინარჩუნებენ თუ არა ისინი სარედაქციო დამოუკიდებლობას ხელისუფლების, რომელიმე პოლიტიკური, კომერციული ან სამოქალაქო ორგანიზაციისგან.

მედიამ უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა მათგან, ვისაც აშუქებს.

აუდიტორიას ეჭვი არ უნდა გაუჩნდეს, რომ სარედაქციო გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტიკური, კომერციული ან რაიმე სხვა ინტერესით, და არა წონადი და მნიშვნელოვანი არგუმენტებით.

 

ანგარიშვალდებულება

ჟურნალისტს აკისრია პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე, ის ეხმარება საზოგადოებას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში. თუ ჟურნალისტის მიზანი მოვლენების ზუსტი ასახვაა, ასევე აუცილებელია შეცდომების აღიარება და მათი გასწორება.

საზოგადოებას ესმის, რომ მოვლენები ვითარდება თანდათანობით. შესაძლოა, წინასწარ გაკეთებული დასკვნები და განმარტებები არ იყოს უშეცდომო. მით უმეტეს, რომ ხშირად ახალი ამბები არ არის ერთდღიანი ისტორია, რომელიც ხვალ აღარავის ემახსოვრება. მედიაპროდუქციის დიდი ნაწილი რჩება ინტერნეტში და მათთან ერთად რჩება შეცდომებიც.

თუ ჟურნალისტი აქვეყნებს არაზუსტ, ნახევრად ზუსტ, ჰიპოთეტურ თუ არასრულ ინფორმაციას, მან უნდა გამოაქვეყნოს შესწორებაც -  სასურველია იმავე ადგილზე, სადაც არასწორი ინფორმაცია იყო განთავსებული.

 

კეთილსინდისიერება

ჟურნალისტი ვალდებულია კეთილსინდისიერად და სამართლიანად მოექცეს რესპონდენტს და გადაცემის სტუმარს. გადაცემის წამყვანმა ან ინტერვიუერმა თანაბარ მდგომარეობაში უნდა ჩააყენოს რესპონდენტები - არ უნდა იყოს კრიტიკული და მომთხოვნი ერთი რესპონდენტის, ხოლო შემრიგებლური და დამთმობი მეორის მიმართ.

რედაქტირებული და/ან დამონტაჟებული მასალა ამბის ან მოვლენის რეალურ სურათს უნდა ასახავდეს. დაუშვებელია მანიპულირება კადრებით, საკითხების არასწორად წარმოდგენა და სხვა მასალიდან აღებული სცენების ჩამატება. დაუშვებელია ინტერვიუს ტენდენციური რედაქტირება, რესპონდენტის აზრის და პოზიციის დამახინჯება;

ჟურნალისტი ვალდებულია, უზრუნველყოს რედაქტირებული მასალის შესაბამისობა რესპონდენტის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან, პერიფრაზირებისას არ დაამახინჯოს მისი გამონათქვამები. დაუშვებელია ფაქტებით და არგუმენტებით მანიპულირება, პროპაგანდისტული და/ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით.

 

საზოგადოებრივი ინტერესი

მედიამ მომხმარებლამდე უნდა მიიტანოს ის ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ გარემოში და მოქალაქეებს დაეხმარება, საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღონ;

საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება საზოგადოების დიდ ნაწილს და უკავშირდება საყოველთაო სიკეთეს, კეთილდღეობას და უსაფრთხოებას.

ჟურნალისტის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საზოგადოებას საშუალებას უნდა აძლევდეს, კრიტიკულად განიხილოს მთავრობისა და სხვა ორგანიზაციების გადაწყვეტილებები, რომლებიც მოქალაქეთა ცხოვრებას ეხება;  

 

პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

რამდენად გამართლებულია ჟურნალისტის შეჭრა ინდივიდის პირად ცხოვრებაში, როგორი უნდა იყოს ბალანსი საზოგადოებრივ ინტერესსა და პირად ცხოვრებას შორის  - ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი არ არსებობს და შეუძლებელია ისეთი წონასწორობის დაცვა, რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმებოდა.

აუცილებელია ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემა. ნებისმიერი შეჭრა ინდივიდის პირად სივრცეში მისი თანხმობის გარეშე, ძალიან მკაფიოდ უნდა იყოს დადასტურებული ისეთი ფაქტების მოპოვების აუცილებლობით, რომელიც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს წარმოადგენს. ის გარემოება, რომ ესა თუ ის პირი პოლიტიკოსია ან საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, ავტომატურად არ უნდა აძლევდეს ჟურნალისტს იმის უფლებას რომ, მაგალითად, უცერემონიოდ შეეჭრას სახლში და მოითხოვოს პასუხები კითხვებზე.

ნებისმიერი სახის ინტერვიუს დროს, რესპონდენტი უნდა იყოს გაფრთხილებული, რომ მისი საუბარი იწერება.

 

დისკრიმინაციის დაუშვებლობა

დაუშვებელია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია, რომელიც ემყარება სქესს, რასას, ასაკს, ეროვნებას, ენას, რელიგიას, იდეოლოგიას, კულტურას, სოციალურ სტატუსს თუ სექსუალურ ორიენტაციას.

მედია უნდა აღიარებდეს და პატივს სცემდეს შეხედულებათა მრავალფეროვნებას, იცავდეს განსხვავებული თვალსაზრისის გამოქვეყნების თავისუფლებას.

თუ რომელიმე რესპონდენტის პასუხი  დისკრიმინაციულია, ჟურნალისტმა რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოს ასეთი გამონათქვამები.

 

ნდობა

მედიის მიმართ ნდობა ემყარება მის დამოუკიდებლობას, მიუკერძოებლობასა და კეთილსინდისიერებას. მედია უნდა ცდილობდეს, მიაღწიოს სათანადო სიზუსტეს, მიუკერძოებლობის მაღალ ხარისხს და არ დაუშვას აუდიტორიის  შეცდომაში შეყვანა.

ნდობის საფუძველია სტანდარტის დაცვა ხანგრძლივად.