წითელი ვერსია
  • 5
  • 2924

ანონსს აცდენილი შინაარსი

26 მარტი 2024

დიდი ხანია, რაც თითქოსდა, მივეჩვიეთ, რომ მედია აღარ ასრულებს თავის უმთავრეს მოვალეობას, - ასახოს რეალობა, შეასრულოს „მოდარაჯე ძაღლის“ ფუნქცია და იყოს მედიატორი ხელისუფლებასა და ხალხს შორის.


მედია, ხშირად, თავად კარნახობს დღის წესრიგს, მათ შორის, პოლიტიკურს, და მონაწილეობს ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილებაშიც კი.


ყოველ შემთხვევაში, ასეა საქართველოში.


ჩვენ აღარ გვაკვირვებს პოლიტიკურ ბანაკებში გადანაწილებული მედიასუბიექტები; აღარც ისეთი ელემენტარული ჟურნალისტური ნორმების დარღვევა, როგორებიცაა - სიზუსტე, ფაქტების და შეფასებების გამიჯვნა, ობიექტურობა, დაბალანსებულობა, რელევანტურობა, კეთილსინდისიერება და სხვ.


ბოლო ხანს გაჩნდა კიდევ ერთი, ზოგიერთ მედიასაშუალებაში პოპულარული მიმართულება, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ - სათაურს/ანონსს სრულებით აცდენილი შინაარსი.


განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითზე, რომელიც უკვე გადაჭრილ პრობლემას ეხება და ამდენად, პროცესზე ზეგავლენის მოხდენის სურვილში ვერავინ დაგვადანაშაულებს.


ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში გავიდა სიუჟეტი ტაქსის მძღოლების აქციაზე, რომლებიც თბილისის მერიის მიერ შემოღებული რეგულაციების გაუქმებას მოითხოვდნენ - თბილისის მერია ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების გადაღებვას ანდა, ალტერნატივად თეთრი ფირის გადაკვრას სთავაზობდა.


სიუჟეტის შესავალ ტექსტში წამყვანმა გვამცნო, რომ აქციის მონაწილე ერთ-ერთი მძღოლი კლინიკაში გადაიყვანეს და მას ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს.


სიუჟეტის ავტორმა კი აქციის მონაწილეთა მოთხოვნები გაგვაცნო და საგანგებოდ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მონაწილე ინსულტით საავადმყოფოში გადაიყვანეს.


ამას მოჰყვა ინტერვიუ ექიმთან, რომელმაც განაცხადა, - პაციენტი აღელვებული იყო, დამამშვიდებელი გავუკეთეთ და ნახევარ საათში გავწერეთო.


შემდეგ იყო ჟურნალისტის კომენტარი - როგორც მოისმინეთ, აქციის მონაწილემ ინსულტი მიიღოო; და ბოლოს, გადაცემის წამყვანის ტექსტი - თქვენ ნახეთ სიუჟეტი მძღოლების აქციიდან, რომლის ერთ-ერთი მონაწილე ინსულტით კლინიკაში გადაიყვანესო.


ცნობისთვის: ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლაა. გართულების შემთხვევაში, დგება ლეტალური შედეგი. ექიმის ინტერვიუდან კი გავიგეთ, რომ აღელვებულ მძღოლს დამამშვიდებელი გაუკეთეს და ნახევარ საათში გაწერეს.


რასაკვირველია, ჟურნალისტს პირდაპირი ჩართვა რომ ჰქონოდა, ამგვარი შეცდომა, შესაძლოა, გაპარულიყო: - რეპორტიორმა რაღაც ვერ გაიგო; შესაძლოა, ვერც ექიმის ინტერვიუ მოისმინა და შეცდომაც ამან გამოიწვია.


მაგრამ ეს „შეცდომა“ უკვე მომზადებულ სიუჟეტში გაჟღერდა, რაც გვიჩენს განცდას, რომ საქმე შეგნებულ სიცრუესთან გვაქვს. წამყვანის შესავალსა და ფინალში, ჟურნალისტის ტექსტში და ექიმის ინტერვიუს შემდეგაც, ხაზგასმით ითქვა, რომ აქციის მონაწილე მძღოლის დიაგნოზი ინსულტია; და ეს მიუხედავად იმისა, რომ ექიმი სრულიად სხვას ამბობდა.


ანალოგიური სიუჟეტები საკმაოდ მომრავლდა - ამ რამდენიმე კვირის წინაც, ერთ-ერთმა არხმა გვამცნო, რომ კლინიკები, ჯანდაცვის სამინისტროს არასწორი გადაწყვეტილების გამო, სამშობიარო ბლოკებს ხურავენ, ექიმებს უშვებენ, მშობიარეებმა კი არ იციან, რა გზას მიმართონ, რადგან სასურველ ექიმთან უფასოდ ვეღარ იმშობიარებენ.


თავად სიუჟეტში მოვისმინეთ მხოლოდ ერთი კლინიკის თანამშრომლის სატელეფონო ჩანაწერი, რომ თუკი სასურველი პირობები არ იქნება, შესაძლოა, სამშობიარო ბლოკი დახურონ; ორი ექიმის ინტერვიუ და ავტორის ტექსტი, საიდანაც გაირკვა, რომ ამ საკითხებზე საბოლოო გადაწყვეტილება სამინისტროს ჯერ არ მიუღია.


საბჭოთა მედიის საუკეთესო ტრადიციებისთვისაც კი, სიცრუის ამგვარი ნიშნული მიუღწეველი დარჩა. რასაკვირველია, იცრუებდნენ და უფრო მეტადაც, მაგრამ იქვე, საკუთარი ნათქვამის გასაბათილებელ კომენტარს აღარ ჩასვამდნენ.


მაშ, რასთან გვაქვს საქმე?


პირველ რიგში, მაყურებელი აღიქვამს წამყვანის შესავალ ტექსტს, რომელმაც ორჯერ - სიუჟეტის წარდგენისას და შემდგომაც, გარკვევით თქვა, რომ მძღოლს ინსულტი ჰქონდა.


იგივე გაიმეორა სიუჟეტის ავტორმა დასაწყისში და ექიმის კომენტარის შემდგომ. ექიმმა კი აღნიშნა, რომ მამაკაცი აღელვებული იყო და დამამშვიდებელი გაუკეთეს.


მას არ უთქვამს, რომ მძღოლს ინსულტი აქვს, მაგრამ არც ის უთქვამს, რომ ინსულტი არ აქვს!


აქედან გამომდინარე, ექიმის კომენტარი, შესაძლოა, აღქმულიყო, როგორც სიუჟეტის ავტორის ტექსტის გაგრძელება, ანუ, განმარტება ინსულტიანი პაციენტის მდგომარეობის შესახებ.


მაყურებელი ვერ გაარჩევს, სადაა სიმართლე და სად სიცრუე, ის ძირითად ინფორმაციას წამყვანის ტექსტიდან იღებს, სიუჟეტი კი ამ ტექსტის პათოსის დასტურია.


ხშირად, მაყურებელი ვერ ასწრებს ინფორმაციის სრულყოფილად აღქმას და მით უფრო, კრიტიკულ გააზრებას, ინფორმაციის გადამოწმებას.


ამდენად, მათ გარკვეულ ნაწილს სიუჟეტის იმგვარი აღქმა დარჩება, რაც წამყვანმა და ავტორმა მიაწოდეს.


მიზანიც, ვფიქრობ, ეს არის - ამ ტიპის სიცრუე ხომ კრიტიკულად მოაზროვნე მომხმარებელზე არ არის გათვლილი.


კატო თავართქილაძე
  • 5
  • 2924
0 Comments