წითელი ვერსია
  • 10
  • 5794

სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების „ფორმულა“

07 მარტი 2024

საქართველოში ტელეკომპანიების პოლიტიკური მიკერძოება უკვე აღარავის უკვირს. ისიც ვიცით, რომ კონკრეტული ტელევიზიები ფაქტობრივად პოლიტიკურ აქტორებს წარმოადგენენ და დასავლეთში დიდძალ ფულს ხარჯავენ პოლიტიკურ ლობიზმში, მაგრამ რამდენიმე დღის წინ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტის (FARA) ფარგლებში გამოქვეყნებულმა მორიგმა ანგარიშმა, სადაც ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის მიერ, ბოლო 6 თვის მანძილზე გაწეული მომსახურების აღწერაა წარმოდგენილი, მაინც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.


ანგარიშის თანახმად, 2023 წლის შემოდგომაზე „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანია Cornerstone Government Affairs ცდილობდა ტელეკომპანიის წარმომადგენელთა შეხვედრის ორგანიზებას პოლიტიკოსებთან, მათ შორის სენატორებთან და ასევე, სხვადასხვა ფონდების, ინსტიტუტებისა და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან იმ მიზნით, რომ ჟურნალისტებს მათთან ერთად განეხილათ... სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოების საკითხები (?!).


დიახ, - ზუსტად ეს მიზანია მითითებული დოკუმენტში, რომელიც ლობისტურმა კომპანიამ იუსტიციის ფედერალურ დეპარტამენტს წარუდგინა;


დოკუმენტის თანახმად, „კორნერსტოუნი“ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ასზე მეტ პიროვნებასთან, რომელთა შორის არიან საქართველოსთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებებით ცნობილი კრის სოჩა (სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი), ტომ მელია (სენატორ ბენ კარდინის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში), ლუკ კოფი (Heritage Foundation), კენეტ უოლაკი (NED), სტივ ნიქსი (IRI), ვლადიმირ სოკორი (Jamestown Foundaiton), ჯონ ჰერბსტი (Atlantic Council) და ა.შ.


გაუგებარია, როდის გახდნენ „ფორმულას“ ჟურნალისტები რეგიონული უსაფრთხოების სპეციალისტები ან რატომ ხარჯავს ძალიან დიდ ფულს ტელეკომპანია „რეგიონული უსაფრთხოების განხილვის მიზნით“ შეხვედრების მოწყობაში;


თუმცა ყველაფერი უფრო ნათელი გახდება, თუ გავიხსენებთ, რომ სინამდვილეში ამ შეხვედრების მიზანი არა რეგიონული უსაფრთხოება, არამედ საქართველოს შიდაპოლიტიკურ დისკუსიაში ამერიკელების ჩართვა და ხელისუფლების საწინააღმდეგო პროპაგანდის წარმოება იყო.


ეს რომ ასეა, ამას უპირველეს ყოვლისა, ადასტურებს თავად ტელეკომპანია „ფორმულა“: - გასული წლის ოქტომბერში ტელეარხი აქტიურად აშუქებდა საკუთარი ჟურნალისტების ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, და თუ თვალს გადავავლებთ იმდროინდელ საინფორმაციო გამოშვებებს, დავინახავთ, როგორ ესმით „ფორმულას“ მესვეურებს „რეგიონალური უსაფრთხოება“:


„გაუარესებული მედიაგარემო საქართველოში და ჟურნალისტურ საქმიანობაში ჩარევის უწყვეტი მცდელობები; ძალადობის კამპანიების წაქეზება ჟურნალისტების წინააღმდეგ და უშედეგო გამოძიება - ტელეკომპანია „ფორმულას“ გუნდი ამ თემებთან დაკავშირებით ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობს..“


- ასე აღგვიწერეს 2023 წლის 18 ოქტომბრის საინფორმაციო გამოშვებაში გიორგი თარგამაძის, მიშა მშვილდაძის, ნინო ჟიჟილაშვილის და „რეგიონული უსაფრთხოების სხვა ექსპერტების“ ამერიკული ტურნე.


როგორც ვხედავთ, მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი და გადაწყვეტილების მიმღები პირები დარწმუნდნენ, რომ ამერიკაში ე.წ. „ფარას კანონი“ ნამდვილად მუშაობს და ყველა ლობისტური კომპანია ნამდვილად ვალდებულია, დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას მის მიერ გაწეული მომსახურების შესახებ, გადაწყვიტეს შეხვედრების ოფიციალურ მოტივად „რეგიონალური უსაფრთხოების საკითხების განხილვა“ დაესახელებინათ, რაც შეიძლება შევაფასოთ, როგორც არა მხოლოდ ქართული, არამედ ამერიკული საზოგადოების და ამერიკის სახელმწიფო ინსტიტუტების მოტყუების მცდელობა.


აღსანიშნავია, რომ აქ საკვანძო სიტყვაა სწორედ „მცდელობა“, რადგან როგორც „კორნერსტოუნის“ ანგარიშიდან ირკვევა, ასზე მეტი მცდელობიდან, რეალურ შეხვედრამდე და საუბრამდე „სამხრეთ კავკასიის რეგიონალური უსაფრთხოების შესახებ“, ათიოდე შემთხვევა მივიდა.


რაც შეეხება უშუალოდ საუბრის შინაარსს, ამის გამოცნობა რთული არ იქნება, თუ გავიხსენებთ იმ პერსონების ბოლოდროინდელ განცხადებებს, რომლებსაც „ფორმულას“ წარმომადგენლები გასული წლის შემოდგომაზე, „სამხრეთ კავკასიის შესახებ“ ესაუბრნენ.


მაგალითად, NED-ის წარმომადგენელმა კენეტ უოლაკმა 6 მარტს თბილისში გამართულ უსაფრთხოების კონფერენციაზე სრულიად არაორაზროვნად განაცხადა, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე არჩევნების პროცესი საქართველოში საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა (?!), ხოლო 20 წლის წინ „ჩაშლილ“ არჩევნებს „ვარდების რევოლუცია“ მოჰყვაო...


ზვიად ლიპარტელიანი
  • 10
  • 5794
0 Comments