წითელი ვერსია
  • 12
  • 20452

ცოტა რამ „კოჭლი იხვის“ ისტორიიდან

16 ოქტომბერი 2023

16 ოქტომბერს, "ტვ პირველის" 17.00-საათიანი გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტი მიეძღვნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.


პირდაპირ ჩართვაში ჟურნალისტმა რამდენჯერმე ახსენა - "კოჭლი იხვი", ტერმინი, რომელიც ორიოდე საათით ადრე გამოიყენა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.


(ირაკლი კობახიძის ციტატა: "საპრეზიდენტო უფლებამოსილების ბოლო, მეექვსე წელს ის სრულად იქნება მოკლებული პოლიტიკურ და მორალურ ლეგიტიმაციას და დარჩება, ამერიკული ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ე.წ. „კოჭლ იხვად“, რომელიც უფსკრულისკენ მიმავალ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ არის ადევნებული“.)


„ტვ პირველის“ ჟურნალისტმა, ისევე როგორც სარედაქციო ჯგუფმა, როგორც ჩანს, ვერ მოასწრო, ან არ ჩათვალა საჭიროდ, გაერკვია, რას ნიშნავს ტერმინი - "კოჭლი იხვი" და მარტივად, კობახიძის განცხადება, ზურაბიშვილის პირად შეურაცხყოფად შეაფასა.


სიუჟეტის ავტორმა დავით თევზაძის კომენტარი ასე წარადგინა:


"ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, სადაც კოჭლი იხვი უწოდა საქართველოს პრეზიდენტს, დავით თევზაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარე არის უბრალოდ უზრდელი".


ამის შემდეგ ეთერში შემოგვთავაზეს თავად კომენტარი:


ჟურნალისტი: „თქვენ რას ფიქრობთ? ოცნების თავმჯდომარემ კოჭლი იხვი უწოდა პრეზიდენტს..“


დავით თევზაძე: „ნუ, უზრდელი ყოფილა!“


საინტერესოა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებაში იყო პირდაპირი მინიშნება ტერმინის წარმომავლობაზე. მართალია, არც მთლად ზუსტი, მაგრამ პოლიტიკურ თემატიკაში ახალბედა ჟურნალისტისთვის სავსებით საკმარისი გადასამოწმებლად.


ტერმინი "კოჭლი იხვი" (Lame Duck) გადატანითი მნიშვნელობით პირველად მე-18 საუკუნეში ბრიტანეთში გამოიყენეს, - საფონდო ბირჟის უიმედოდ გაკოტრებული ბროკერების დასახასიათებლად, და შინაარსობრივად გულისხმობდა გარკვეულ პოზიციაზე მყოფ ადამიანს, რომელიც მართალია ინარჩუნებს სტატუსს, მაგრამ მისი ეფექტურობა უიმედოა.


მე-19 საუკუნეში "კოჭლი იხვის" ტერმინი ბრიტანეთიდან აშშ-ის ფინანსურ წრეებშიც შევიდა. იმ პერიოდში აშშ-ის მეორე პრეზიდენტმა, ჯონ ადამსმა წააგო არჩევნები თომას ჯეფერსონთან, რომელიც თავის უფლებამოსილებას უნდა შედგომოდა 1801 წლის 4 მარტიდან. არჩევნებში მე-4 ადგილზე გასულმა ადამსმა, გამოიყენა პრეზიდენტობის ბოლო თვეები და ჯეფერსონის ინაუგურაციამდე დანიშნა 4 მოსამართლე.


თუმცა 1803 წელს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ადამსის დანიშვნები, რის შემდეგაც ჯონ ადამსი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი პრეზიდენტი "კოჭლი იხვის" სტატუსით.


ადამსის დამსახურებით ჩამოყალიბდა ტერმინის მარტივი დეფინიციაც: - პრეზიდენტი ითვლება "კოჭლ იხვად", როცა აშკარაა, რომ მას აღარ გააჩნია თანამდებობის შენარჩუნების შანსი, დარჩენილი აქვს პრეზიდენტობის მცირე პერიოდი და ამ მცირე მონაკვეთში მის მიერ მიღებულ თანამდებობრივ გადაწყვეტილებებს არანაირი ძალა და აზრი არა აქვს.


სხვათაშორის, 1933 წელს აშშ-ის კონსტიტუციაში შევიდა მე-20 ცვლილება, რომლის თანახმად, არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი პრეზიდენტობას უნდა შედგომოდა არა 4 მარტს, არამედ 20 იანვარს, რათა წინამორბედს უფრო სწრაფად დაესრულებინა უსარგებლო პრეზიდენტობა.


ეს შესწორება აშშ-ში ცნობილია "კოჭლი იხვის შესწორების" სახელით. "კოჭლი იხვობა" ერგოთ პრეზიდენტებს - ჯონსონს, კარტერს, ნიქსონს.


არაა გამორიცხული, "კოჭლი იხვობა" მოუწიოს აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტსაც.


"კოჭლი იხვის" ტიტული მიენიჭა მაგალითად, ბრიტანეთის ექსპრემიერ ტონი ბლერს, რომელმაც არჩევნებამდე განაცხადა, რომ აღარ ეცდებოდა პრემიერის სტატუსის შენარჩუნებას და მისი მმართველობის ბოლო თითქმის ორი წელი "კოჭლ იხვობად" ჩაითვალა.


"ტვ პირველის" ჟურნალისტებისთვის უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, - „კოჭლი იხვი“ ნიშნავს უფუნქციო და ლეგიტიმაცია გალეულ პრეზიდენტს.


ირაკლი კობახიძემ სალომე ზურაბიშვილს შეურაცხყოფა კი არ მიაყენა, არამედ შეადარა აშშ-ის მეორე პრეზიდენტს და თქვა, რომ პრეზიდენტობის ბოლო წელს ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებს ლეგიტიმაცია აღარ ექნება, რადგან მას აღარ აქვს შანსი, გააგრძელოს პრეზიდენტობა.


დავით კობახიძე
  • 12
  • 20452
0 Comments