წითელი ვერსია
  • 4
  • 3977

ფაქტების გარეშე

24 აპრილი 2024

”საქართველო ევროპელი ტურისტების გარეშე - ქვეყნების ათეულში, რომლის მოქალაქეებიც წელს ჩვენს ქვეყანაში სამოგზაუროდ ჩამოვიდნენ, ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ არის“ - გვამცნოტვ პირველისწამყვანმა 23 აპრილის საინფორმაციო გამოშვებაში და ამავე დროს, ბოლო ათწლეულების რიტორიკული კითხვა დასვა:


რატომ აქვს ქვეყანას ევროპელი ტურისტების დეფიციტი?


როგორც წამყვანმა აღნიშნა, ყველაზე ხშირად საქართველოს სამოგზაუროდ თურქები, რუსები და სომხები ირჩევენ, პოლონეთი მხოლოდ მეთერთმეტე ადგილზეა, სხვა ევროპული ქვეყნები კი - “ჩამონათვალში უფრო ქვემოთ”.


“ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ მათი რაოდენობა იზრდება, მაგრამ ფაქტია, რომ ათეულშიც კი არ არიან. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც, ევროკავშირის მოქალაქეები საქართველოში მოგზაურობაზე უარს ამბობენ, რუსეთის მოქალაქეების ჭარბი შემოდინებაა”, - ითქვა სიუჟეტში.


ექსპერტებს შორის, ტრადიციისამებრ, ოპოზიციური ნიშნით შერჩეული პირები აღმოჩნდნენ, რომელთა თქმით:


ბესიკ დონაძე („ევროპული საქართველოსპოლიტიკური საბჭოს წევრი): არ არის რომელიმე ერთი კონკრეტული მიზეზი, ბევრი არის - დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტებით, დაწყებული რუსების შემოშვებით საქართველოში ყოველგვარი კონტროლის გარეშე, სახელმწიფო პოლიტიკა, ევროპისკენ, ასე ვთქვათ, რაღაც კურსის ცვალება…. შემოსავლების კუთხით, სჯობს ევროპელი ტურისტი, გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთში დღეს არის პრობლემები, ასე ვთქვათ, სანქციები ადევს რუსულ კომპანიებს, სანქციები ადევს რუსეთის მოქალაქეებს, ვერ სარგებლობენ გადარიცხვებით, ჩახსნილნი არიან სხვადასხვა საბანკო მომსახურებიდან და, შესაბამისად, პრობლემური ტურისტია“.


ოთო აბესაძე (ეკონომისტი):უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ტურისტულ რაციონში არ შედის ტოპ-ათეულში ევროპული ქვეყანა - ეს თავისთავად მიგვანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს სრული ეკონომიკური რესურსები მიმართულია რუსული და ყოფილი პოსტსაჭოთა სივრცის ქვეყნებისკენ და არა ევროპულ და დასავლურ ნაწილზე“.


ასე მარტივად ახსნეს საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის მთელი მიღწევები და გამოწვევები, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი სექტორია და წელიწადში 4 მილიარდი დოლარის შემოსავალს გამოიმუშავებს.


წამყვანმა/რესპონდენტებმა არ დაასახელეს არცერთი ციფრი - რამდენი იყო ვიზიტორთა რაოდენობა, რომელი ქვეყნებიდან, დროის რა მონაკვეთში, რომელ წყაროს ეფუძნება მათი მოსაზრება - მხოლოდ გრაფიკული გამოსახულება და ექსპერტების წყალწყალა, მზა დასკვნები, რომლებსაც, სხვა რა დაგვრჩენია, თვალდახუჭული უნდა ვენდოთ.


სინამდვილეში:

1. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბოლო მონაცემებით, რომელიც 22 აპრილს გამოქვეყნდა (და სავარაუდოდ, სიუჟეტის ინსპირაცია გახდა), 2023 წლის პირველ კვარტალში, წინა წელთან შედარებით, პოლონელი ტურისტების რიცხვი 16%-ით გაიზარდა, ხოლო ევროკავშირის ქვეყნებიდან მთლიანად - 41%-ით (56,5 ათასიდან 77 ათასამდე);

2.
ტურისტების რაოდენობა მხოლოდ ევროპიდან არ გაზრდილა, არამედ, ათეულში შემავალი სხვა ქვეყნებიდანაც, მაგალითად, თურქეთიდან (+17,6%), აზერბაიჯანიდან (+27,5%), ირანიდან (+35%), ინდოეთიდან (+44%), ყაზახეთიდან (+40%) და ა.შ. რაც, შესაბამისად, აისახა ტოპ-ათეულის ფორმირებაზეც. ამავე დროს, საგულისხმოა, რომ რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა წელს პირველ კვარტალში, შარშანდელთან შედარებით, პირიქით, 16%-ით შემცირდა (დაახლოებით, 41 ათასი ტურისტით) და 215 ათასი შეადგინა.

3. წამყვანის განცხადებაში, რომ ყველაზე ხშირად ჩვენს ქვეყანას სამოგზაუროდ თურქები, რუსები და სომხები ირჩევენ, უჩვეულო და განსაკუთრებული არაფერია, ემსახურება მხოლოდ მანიპულაციას და მიბმას ე.წ. პოლიტიკურ დღის წესრიგზე.


საქართველოში ვიზიტორთა პირველ სამეულში/ოთხეულში, დამოუკიდებლობის აღიარებიდან დღემდე, შედიან უშუალო მეზობელი ქვეყნები, მათ შორის, - თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და რუსეთი - გარდამავალი უპირატესობით, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე (2011 წელსაც კი, რუსეთთან უკიდურესად გართულებული პოლიტიკური ვითარების ფონზე, ამ ქვეყნიდან შემოსული ტურისტები მეოთხე ადგილს იკავებდნენ). ეს განპირობებულია ხელმისაწვდომი და იაფი ტრანსპორტირებით, მაღალი ცნობადობით, ენობრივი ბარიერის არქონით და ..


4. დაუსაბუთებელია მტკიცება, რომ რუსეთის მოქალაქეების სიმრავლის გამო არ შემოდიან საქართველოში ევროპელი ტურისტები. ამის ნათელი მაგალითი თურქეთია, სადაც წლებია, რუსი და ევროპელი ტურისტები მშვიდობიანად და ჰარმონიულად ისვენებენ გვერდიგვერდ და ეს რიცხვები სულ უფრო იზრდება. 2023 წელს, თურქეთს ეწვია რუსეთის 6,3 მილიონი, გერმანიის 6 მილიონი, ბრიტანეთის 3,8 მილიონი, ბულგარეთის 2,9 მილიონი, პოლონეთის 1,5 მილიონი და საფრანგეთის 1 მილიონი მოქალაქე.


5. რატომ გვინდა მეტი ევროპელი ტურისტი - ეს უნდა იყოს მთავარი კითხვა არა ლოზუნგის დონეზე, არამედ, ეკონომიკური გააზრებისთვის - მხოლოდ სტაბილურობისთვის?


არა, რა თქმა უნდა: ევროპელი სტუმრები მაღალი მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან. თუმცა, მათ არ ჩამოუვარდებიან ვიზიტორები სხვა ქვეყნებიდან, მაგალითად, სპარსეთის ყურედან, იაპონიიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან, აშშ-დან და .. ერთი სიტყვით, მდიდარი ქვეყნებიდან.


ზოგადად, რომელი ქვეყნებია საქართველოს ტურიზმისთვის ძირითადი სამიზნე ბაზრები, რა კეთდება მათ ასათვისებლად, რამდენად დამაკმაყოფილებელია ადგილობრივი ტურისტული ინფრასტრუქტურა და სერვისები, რამდენად ეფექტური და მიზანშეწონილია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მარკეტინგული კამპანიები, საფასო პოლიტიკა, ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა, კონკურენცია სხვა ქვეყნებთან - ეს ის ინფორმაციაა, რომლის გაანალიზების გარეშე, სრულფასოვანი სიუჟეტი, პრაქტიკულად, ვერ მომზადდება.


კითხვებზე პასუხი კი მხოლოდ ციფრებს, შესაბამის უწყებებს (ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას), სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესს, სპეციალისტებს, ერთი სიტყვით, შესაფერისი ცოდნისა და კომპეტენციის მქონე ადამიანებს შეუძლიათ გასცენ.


ნატა მინდელი
  • 4
  • 3977
0 Comments