წითელი ვერსია
  • 13
  • 13356

თემის ჩანაცვლება, ანუ როგორ ავირიდოთ შეკითხვა

07 აპრილი 2024

პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივა დაინიცირდა. კანონი, რომელსაც შარშან „რუსული“ ეწოდა და საპროტესტო აქციები მოჰყვა, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის კვლავ საჯილდაო ქვად იქცა: ხელისუფლება მას ქვეყანაში შემოსული „შავი ფულის“ კონტროლს უკავშირებს, ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ კანონი ჩვენს ევროინტეგრაციას აყენებს ეჭვქვეშ.


ამ თემას მიეძღვნა „რუსთავი2“-ზე ჟურნალისტ ნინო შუბლაძის „ღამის კურიერი“, რომლის სტუმარი საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გახლდათ.


წამყვანმა დასვა კითხვა - რა არის მთავარი არგუმენტი, რის გამოც ოპოზიცია ასე ეწინააღმდეგება გამჭვირვალობის კანონს?


რაც შემდეგ მოხდა, როგორც ამბობენ, გაგაოცებთ:


პარლამენტარმა ისაუბრა ყველაფერზე, გადაცემის სათაურად გამოტანილი თემის გარდა.


უფრო კონკრეტულად, პასუხი ჟღერდა ასე:


„ეს არის რეინიცირებული „რუსული კანონი“, რომელიც საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ, ივანიშვილის პარტიამ გაიწვია პარლამენტში, ანუ ჩავარდა და ახლაც, მორიგ ჯერზე, ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის პარტია აინიცირებს იდენტურ კანონს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ...“


შემდეგ საუბარი შეეხო, კანონს არა, მაგრამ მმართველი პარტიის მხრიდან 9 დათქმის შეუსრულებლობას, ევროპული მომავლისთვის ზიანის მიყენების მცდელობას, რასაც მოჰყვა წამყვანის თხოვნა, დაბრუნებოდნენ ინტერვიუს თემას - რა არის კანონში რუსული?


საპასუხოდ ითქვა, რომ: ეს კანონი მიზნად ისახავს, დაუპირისპირდეს, მათ შორის, დასავლური დაფინანსებით მოქმედ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, იმიტომ, რომ ბევრი მათგანი აკვირდება არჩევნებს“.


დანარჩენი დრო ისევ ხელისუფლების კრიტიკას დაეთმო.


წამყვანი რამდენჯერმე, უშედეგოდ ეცადა რესპონდენტის თემისკენ შემობრუნებას (მათ შორის, იმ არგუმენტით, რომ კანონი არა მხოლოდ დასავლეთიდან, რუსეთიდან შემოსული თანხების გაკონტროლების საშუალებასაც მოგვცემს).


კანონთან დაკავშირებული ერთადერთი მსჯელობა ჟღერდა ასე: - „ეს არის მცდელობა, რომ შეზღუდონ არასამთავრობო ორგანიზაციები, სამოქალაქო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება“.


სულ ეს იყო კანონის რუსულად მიჩნევის სასარგებლო არგუმენტები. დანარჩენი დრო 18-წუთიან ინტერვიუში მთავარი თემის გადაფარვას და ხელისუფლების კრიტიკით მის ჩანაცვლებას დასჭირდა.


ინტერვიუ ორ ადამიანს შორის მიზანმიმართული დიალოგია, რომლის ამოცანა, კითხვებზე გაცემული პასუხების საშუალებით, საჭირო ინფორმაციის მიღებაა.


სატელევიზიო ინტერვიუს წამყვანი შუამავალია მაყურებელსა და რესპონდენტს შორის. შესაბამისად, იგი იმ კითხვებს სვამს, რომლებიც მაყურებელს აინტერესებს.


ნინო შუბლაძე ინტერვიუს მსვლელობისას რამდენჯერმე ეცადა, რესპონდენტს გადაცემის თემაზე ესაუბრა, თუმცა, პასუხად მხოლოდ წინასაარჩევნო პარტიულ ლოზუნგებს იღებდა.


როდის არ პასუხობს რესპონდენტი კითხვას?


მაშინ, როცა, მაგალითად, კითხვა მოულოდნელია და აბნევს, როცა მის იმიჯს აზიანებს და უარყოფითი კუთხით წარმოაჩენს, როცა სიცრუეში ამხელს ან როცა კითხვაზე პასუხი, უბრალოდ, არ აქვს.


როგორც წესი, გადაცემის თემა წინასწარ თანხმდება. კონკრეტულ შემთხვევაში კი, ეს ის თემაა, რომელიც თავად რესპონდენტისთვისაც მნიშვნელოვანია, რის გამოც ერთი წლის წინ, აქციებზე იდგა და ახლაც, საკუთარი პოზიციის საზოგადოებამდე მიტანას უნდა ცდილობდეს.


ის კი ამას, რატომღაც, არ აკეთებს და წინასაარჩევნო გზავნილებს აჟღერებს, რომელიც რამდენიმე თვის შემდეგ გახდება აქტუალური. არჩევნებამდე ხომ თითქმის 7 თვეა.


როგორ უნდა მოიქცეს წამყვანი ასეთ შემთხვევაში? - მხოლოდ კონკრეტულ ვითარებაზეა დამოკიდებული.


ლოგიკურად, წამყვანმა რესპონდენტს საუბარი უნდა შეაწყვეტინოს და კითხვები მთავარ თემაზე დაუსვას. ნინო შუბლაძე ასეც მოიქცა, თუმცა, რესპონდენტის საკმაოდ ვრცელი მონოლოგების შემდეგ.


ამ შემთხვევაში, ვფიქრობთ, მისი გადაწყვეტილება მართებული იყო. თინა ბოკუჩავას ხელისუფლების კრიტიკა ბოლომდე აცადეს, მან სრულად ამოწურა პარტიის წინასაარჩევნო გზავნილები. წამყვანი ასე რომ არ მოქცეულიყო, საპასუხოდ მიიღებდა ბრალდებას არაობიექტურობასა და მიკერძოებაში. პარლამენტარი მაინც ეცადა აპელირებას „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკაზე, თუმცა, მაყურებლისთვის არადამაჯერებლად.


საუბრისას წამყვანს დასჭირდა, შეეხსენებინა რესპონდენტისთვის, რომ ჟურნალისტს აქვს უფლება, დასვას ნებისმიერი კითხვა, რაზეც უპასუხეს - რესპონდენტსაც აქვს უფლება, უპასუხოს, როგორც ჩათვლის საჭიროდო.


ანუ, პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი მაყურებელს მოუწოდებს, ქუჩაში გააპროტესტოს კანონი, თავად კი საჭიროდ არ თვლის, განმარტოს, რატომ უწოდებს მას რუსულს.


ინტერვიუ ცოცხალი პროცესია. ჟურნალისტმა, შესაძლოა, საკუთარი კითხვები გვერდზე გადადოს და რესპონდენტს საუბრის თემაში გაჰყვეს. ეს იმ შემთხვევაში ხდება, როცა სტუმარი ახალ ინფორმაციას, ახალ დეტალებს გაწვდის და საუბარიც სრულიად განსხვავებულ აქცენტებს იძენს.


თუმცა, ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ გახლდათ.


კატო თავართქილაძე
  • 13
  • 13356
0 Comments