წითელი ვერსია
  • 9
  • 4701

ო ჯეი სიმპსონის საქმე - "საუკუნის პროცესი"

17 აპრილი 2024

ო ჯეი სიმპსონი - ამერიკული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი, რომლის სახელსაც „საუკუნის სასამართლო პროცესი“ და ამერიკული მედიის ტრანსფორმაცია უკავშირდება, 10 აპრილს, 76 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა.


მისმა გარდაცვალებამ დასავლურ მედიაში კიდევ ერთხელ გააცოცხლა ო ჯეი სიმპსონის წინააღმდეგ აღძრული საქმისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სასამართლო პროცესის დეტალები.


1995 წელს, 9-თვიანმა სასამართლო პროცესმა არა მხოლოდ მილიონობით მაყურებელი მიაჯაჭვა სატელევიზიო ეკრანებს, არამედ, სამუდამოდ შეცვალა ამერიკულ მედიაში ინფორმაციის გაშუქების სტილი.


უფრო მეტიც, ო ჯეი სიმპსონის საქმის მსვლელობასა და საბოლოო ვერდიქტზე მედიამ ისეთი გავლენა მოახდინა, რომ ეს საქმე ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ რა როლს ასრულებს მასმედია საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში.


ყველაფერი 1994 წლის 17 ივნისს დაიწყო.


ყოფილი მეუღლის, ნიკოლ ბრაუნ სიმპსონისა და მისი მეგობრის, რონალდ გოლდმენის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ო ჯეი სიმპსონი ლოს-ანჯელესის პოლიციას ნებაყოფლობით უნდა ჩაბარებოდა, თუმცა, მან მიმალვა სცადა, თავის მეგობართან ერთად მანქანაში ჩაჯდა, შუბლზე ცეცხლსასროლი იარაღი მიიბჯინა და სამართალდამცველებს გაექცა.


გაქცეულ სიმპსონს პოლიციის ავტომობილები აედევნენ.


45-წუთიანი საავტომობილო დევნა CNN-მა და NBC-მ პირდაპირ ეთერში გადასცეს. რეპორტაჟს 95 მილიონმა ადამიანმა უყურა.


სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო ამერიკული საკაბელო ტელევიზიების 24-საათიანი საინფორმაციო მაუწყებლობის ეპოქა.


„1994 წელს საკაბელო მაუწყებლობა ჯერ კიდევ სიახლე იყო. ო ჯეი სიმპსონის საქმემ კი საკაბელო ტელევიზიების წარმატებას დაუდო სათავე,“ - ამბობს სამართლის პროფესორი ლორი ლევენსონი, რომელიც სიმპსონის სასამართლო პროცესის დროს, CBS-ის კომენტატორი იყო.


სიმპსონის დაკავების შემდეგ, მის სასამართლო პროცესს ამერიკული არხები პირდაპირ ეთერში აშუქებდნენ.


CNN-ის რეიტინგი სწორედ ამ საქმის დეტალური გაშუქების შედეგად გაიზარდა. ამერიკელი მაყურებლისთვის საკაბელო ტელევიზიები პირდაპირ ეთერში ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ იქცა.


მრავალსაათიანი სასამართლო პროცესის გაშუქებით, CNN-ის მფლობელმა 200 მილიონი დოლარის მოგება ნახა.


ამ წარმატების შემყურე, ბიზნეს-მაგნატმა რუპერტ მერდოკმა კი Fox NEWS-ის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.


ო ჯეი სიმპსონის პროცესი ასევე გარდამტეხი მომენტი იყო ამერიკული სასამართლო სისტემისთვის, - სატელევიზიო კამერები სასამართლო დარბაზში, პირდაპირი ეთერით მაუწყებლობის ნებართვით დაუშვეს.


სისხლის სამართლის საქმის ასეთ რეჟიმში გაშუქებამ თავად სასამართლოს მიმდინარეობაზე მოახდინა გავლენა. პროცესი გასართობ სატელევიზიო შოუს დაემსგავსა.


ათობით მილიონი მაყურებლისა და მკითხველის ფონზე, მაღალი რეიტინგისთვის რბოლაში, აკადემიურ ჟურნალისტიკასა და სენსაციონალიზმს შორის ზღვარი წაიშალა.


სიმპსონის დაცვის მხარემ ბრალდებული ამერიკულ სასამართლო სისტემაში არსებული რასისტული განწყობების მსხვერპლად წარმოაჩინა. ეს თეორია კიდევ უფრო გაამძაფრა სიმპსონის მიმართ დადებითად განწყობილმა მედიამ.


მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არსებული უამრავი მტკიცებულება ო ჯეის ბრალეულობაზე მიუთითებდა, მედიაში მას ქარიზმატულ ფიგურად წარმოაჩენდნენ, ხაზს უსვამდნენ მის წარმატებულ საფეხბურთო კარიერას, ისევე, როგორც, სასამართლო სისტემაში რასიზმის გამო არსებულ ხარვეზებს.


დაცვის მხარემ, მედიის დახმარებით, ო ჯეი სიმპსონი რასისტული უსამართლობის სიმბოლოდ აქცია, შავკანიან ამერიკელთა სიმპათია მოიპოვა და ეკრანებთან მიჯაჭვული ამერიკელი მოქალაქეების პოლარიზება გამოიწვია.


ამერიკული მედია ო ჯეი სიმპსონს დადებით ჩარჩოში აშუქებდა, მის ადვოკატებს „საოცნებო გუნდს“ უწოდებდა. იმავდროულად, უარყოფით კონტექსტში შუქდებოდა ბრალდების მხარე.


მედიის მანიპულაციის თვალსაჩინო მაგალითი იყო პროკურორ მარშა კლარკის ირგვლივ განვითარებული მოვლენები.


იმის ნაცვლად, რომ მედიას მის პროფესიულ გამოცდილებასა და იურიდიულ განათლებაზე ესაუბრა, ყურადღება კლარკის სქესზე და მის გარეგნობაზე გაამახვილეს. სიმპსონის სასამართლო პროცესის მეხუთე თვეს, 1995 წლის თებერვალში, გაზეთმა The National Enquirer-მა პროკურორი ქალის ნახევრად შიშველი ფოტოები მარშა კლარკის ყოფილი დედამთილისგან შეიძინა და გამოაქვეყნა.


“პირადი ცხოვრების კუთხით, ამას ჩემზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა, პროფესიული თვალსაზრისით, ნამდვილად შემეხო. ყველას გადაავიწყდა, რომ ნიკოლ ბრაუნ სიმპსონი და რონ გოლდმანი მოკლულები იყვნენ. ყველაფერი ერთ დიდ ცირკს დაემსგავს,” - განაცხადა კლარკმა.


სენსაციური “ჰედლაინების” ძიებაში დაიკარგა ჟურნალისტიკის მთავარი მიზანი - ფაქტების გაშუქება და მაყურებლისთვის გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდება.


1995 წლის 3 ოქტომბერს, ორი ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული ო ჯეი სიმპსონის საქმეზე საბოლოო ვერდიქტის გამოტანას, პირდაპირ სატელევიზიო ეთერში, 150 მილიონმა ადამიანმა უყურა.


ნაფიცმა მსაჯულებმა ო ჯეი სიმპსონი გაამართლეს.


რთულია, ითქვას, რამ განაპირობა სასამართლოს გამამართლებელი ვერდიქტი - ადვოკატთა „საოცნებო გუნდის“ მუშაობამ, მედიის აქტიურმა ჩართულობამ თუ სიმპსონის უდანაშაულობამ.


სიმპსონი სისხლის სამართლის საქმეზე გაამართლეს, თუმცა, მოკლულთა ოჯახებმა სამოქალაქო საქმეთა სასამართლოში შეტანილი სარჩელი მოიგეს. ამ პროცესს მედიის მხრიდან დიდი ინტერესი არ მოჰყოლია. 1997 წელს, სამოქალაქო საქმეთა სასამართლომ ო ჯეი სიმპსონი ნიკოლ ბრაუნ სიმსპონისა და რონალდ გოლდმანის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირად ცნო და მათი ოჯახებისთვის, ზარალის ანაზღაურების სახით, 33 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.


სიმპსონი ისე გარდაიცვალა, რომ ეს თანხა არ გადაუხდია.


აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკული ფეხბურთის ყოფილი ვარსკვლავი 2007 წელს, ლას-ვეგასის სასტუმროში, შეიარაღებული ძარცვისა და გატაცების გამო დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.


ამ ფაქტებმა მკვლელობის საქმეზე სიმპსონის გამამართლებელი ვერდიქტი კიდევ უფრო საეჭვო გახადა.


1995 წლის გახმაურებულ სასამართლო პროცესზე მედიის გავლენას არაერთი კვლევა მიეძღვნა.


მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი კარგად ასახავს სენსაციონალიზმის საფრთხეებსა და მედიის ძალას, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის ფორმირება და სხვადასხვა პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.


2016 წელს, სატელევიზიო სერიალის „ამერიკული დანაშაულის ისტორიის“ პირველი სეზონიც ო ჯეის სასამართლო პროცესს დაეთმო.


ეს სერიალი 1994-1995 წლებში განვითარებულ მოვლენებს კარგად ასახავს და მაყურებელს, რომელსაც „საუკუნის პროცესი“ პირდაპირ ეთერში არ უნახავს, უტოვებს არჩევანს, თავად დაასკვნას, იყო თუ არა ო ჯეი სიმპსონი დამნაშავე.


ფოტო vanityfair.com

მარიამ გიგანი
  • 9
  • 4701
0 Comments