წითელი ვერსია
  • 8
  • 4008

ვინ უდარაჯებს დარაჯებს?

11 აპრილი 2024

ჩვენს ეპოქაში არა მხოლოდ ცალკეული ინდივიდები, არამედ კომპანიები, ორგანიზაციები და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფები სულ უფრო ხშირად იყენებენ სოციალურ ქსელს, როგორც ინფორმაციის გავრცელების და საკუთარი პოზიციის პოპულარიზების საშუალებას.


ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც სოციალური ქსელი „მეტა“ (იგივე „ფეისბუკი“) უკვე თითქმის ორი ათეული წელია, მყარად ლიდერობს ქართულ ბაზარზე.


ამ რეალობას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე.


დადებითი მხარე ისაა, რომ „ფეისბუკის“ წყალობით, ერთი აპლიკაციიდან, ანუ, ფაქტობრივად, „ერთი ფანჯრიდან“ შეგვიძლია ვეკონტაქტოთ მთელ ქვეყანას და ასევე, ხმა მივაწვდინოთ ყველგან, სადაც „ფეისბუკია“.


თუმცა, უზარმაზარ შესაძლებლობას თან ახლავს უზარმაზარი გამოწვევებიც, რომელთა შესახებაც „მედიაკრიტიკაზე“ ახლო წარსულში გამოქვეყნებული არაერთი მასალის მოძიებაც შეიძლება.


ამჯერად, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, თუ როგორ ებრძვის „მეტა“ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას და რამდენად სანდოა თავად ის პროცესი, რომელმაც სოციალური ქსელის მაქსიმალური სანდოობა უნდა განაპირობოს.


აპრილის დასაწყისში, ქართულ „ფეისბუკში“ გაიმართა ერთგვარი „ბანერების ომი“ ხელისუფლების მომხრე და მოწინააღმდეგე ჯგუფებს შორის იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენს და რამდენად გვჭირდება კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.


ოპოზიცია და ოპოზიციური მედია ცდილობენ, დაგვარწმუნონ, რომ კანონპროექტი „რუსულია“ და ამ პოზიციის უფრო თვალსაჩინოდ გამოხატვის მიზნით, სოციალურ ქსელში შესაბამისი შინაარსის ბანერების გაზიარება დაიწყეს.


საპასუხოდ, ხელისუფლებამ და მისმა მხარდამჭერებმა ასევე დაიწყეს ბანერების გაზიარება, სადაც განმარტებული იყო მმართველი გუნდის პოზიცია და არგუმენტები იმის შესახებ, თუ რატომ არ არის აღნიშნული კანონპროექტი რუსული.


ამგვარ რეალობაში, თითქოს, ორივე მხარეს ეძლეოდა საშუალება, ფართო აუდიტორიამდე მიეტანა საკუთარი სათქმელი, ხოლო აუდიტორიას, ანუ საზოგადოებას, ჰქონდა საშუალება, თავად შეედარებინა ბანერების შინაარსი და თავად გაეკეთებინა არჩევანი, რომელ მხარეს დაიკავებდა ამ დისკუსიაში.


მაგრამ ეს არჩევანი მალევე გაქრა, რადგან „ფეისბუკმა“ კანონპროექტის მხარდამჭერ ბანერებს „ცრუ ინფორმაციის“ აღმნიშვნელი ფილტრი დაადო და შესაბამისად, მათი შინაარსი მომხმარებლისთვის მიუწვდომელი გახდა.


აღსანიშნავია, რომ „ფეისბუკზე“ განთავსებული მინაწერის თანახმად, პოსტმა „ფაქტების შემმოწმებელი დამოუკიდებელი ექსპერტების შემოწმება“ (ვერ) გაიარა და სწორედ მათ გადაწყვიტეს, რომ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით, ეს „დამოუკიდებელი ექსპერტები“ სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციასთან (ანუ, ყოფილ ხელისუფლებასთან) მჭიდროდ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამჟამად ქართული „ფეისბუკის“ პოლიტიკური ცენზურით არიან დაკავებული.


ცხადია, ჩვენს ამოცანას არ წარმოადგენს იმის დადგენა, თუ რამდენად ჰგავს ან არ ჰგავს საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონპროექტი ევროპაში და ამერიკაში მოქმედ კანონებს და არც factcheck-ის მიერ შემოთავაზებული განმარტების შესწავლას ვაპირებთ იმასთან დაკავშირებით, რატომ ჩათვალეს მათ ეს კონკრეტული ბანერი დეზინფორმაციად.


ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ - როგორ, რა მექანიზმების გამოყენებით ამოწმებს „მეტა“ ინფორმაციის სანდოობას, ვის ეყრდნობა იგი ამ პროცესში, რამდენად გამართლებულია ეს პრაქტიკა და შეიძლება თუ არა ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი აღმოჩნდეს სიტუაციაში, როცა ჩვენსა და ჩვენს აუდიტორიას შორის მესამე მხარე - ე. წ. ფაქტების შემმოწმებელი დამოუკიდებელი ექსპერტი ჩადგება და სწორედ ის განსაზღვრავს, გვაქვს თუ არა უფლება, გავავრცელოთ ესა თუ ის ინფორმაცია.


მაშ ასე:


„მეტას“ ოფიციალური გვერდის თანახმად, კომპანია დაუყოვნებლივ შლის აგრესიული შინაარსის პოსტებს, რამაც შეიძლება, ძალადობის წახალისება გამოიწვიოს. ხოლო იმ შემთხვევების შეფასება, სადაც ძალადობრივ მოწოდებას ადგილი არ აქვს, მაგრამ არსებობს ეჭვი ინფორმაციის სანდოობასთან დაკავშირებით, „მეტას“ პარტნიორი ორგანიზაციებისთვის აქვს მინდობილი, რომლებსაც ფაქტების შემმოწმებელ დამოუკიდებელ ექსპერტებს უწოდებს.


საქართველოში „ფეისბუკს“ ორი ასეთი პარტნიორი ყავს: Fact Check Georgia (იგივე „ფაქტ-მეტრი“) და Myth Detector („მითების დეტექტორი“), რომლებიც საქართველოს გარდა, ასევე ამოწმებენ სომხეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიდან და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან გამოქვეყნებულ მასალებს.


იგივე პრაქტიკას იყენებს „მეტა“ უშუალოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაშიც. მაგალითისთვის, აშშ-ში „ფეისბუკის“ კონტენტს ათამდე „მესამე მხარე“ აკონტროლებს (მათ შორის USA Today, Televisia Univision, Reuters Fact Check და ა.შ.)


რაც შეეხება თვითონ მექანიზმს, „მეტას“ ოფიციალური ვებ-გვერდის თანახმად, მაკონტროლებლებს შეუძლიათ, თავიანთი წყაროებიდან შემოსული სიგნალების საფუძველზე გადაწყვიტონ კონკრეტული კონტენტის შემოწმება. თუმცა, „მეტას“ თავადაც შეუძლია მიუთითოს მათ საეჭვო მასალაზე, რომლის სანდოობის ხარისხიც კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს აუდიტორიის რეაქციის (ე. წ. რეპორტინგის), გავრცელების სპეციფიკის და სხვა მარკერების მიხედვით.


ამასთან, „ფეისბუკის“ „სამშობლოში“ დღემდე არ არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რამდენად მართებულია ამგვარი პრაქტიკა და პასუხისმგებლობის „გადაბარება“ იმ ორგანიზაციებზე, რომლებსაც, შესაძლოა, საკუთარი სუბიექტური პოზიცია ან დაინტერესება გააჩნდეთ მიმდინარე მოვლენების მიმართ, და აქედან გამომდინარე, სულაც არ იყვნენ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.


მეტიც - როგორც ამერიკაში, ისე ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოში „მეტა“ არაერთხელ დაუდანაშაულებიათ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის და ვაშინგტონის დღევანდელი ადმინისტრაციის სასარგებლოდ წარმოებულ პოლიტიკურ ცენზურაში.


ამ მხრივ, ერთ-ერთი რეზონანსული შემთხვევა იყო ე. წ. „ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის სკანდალის“ „დამალვა“ 2016 წლის არჩევნების წინ, რაზეც მარკ ცუკერბერგმა პასუხისმგებლობა ასევე „მესამე მხარეს“ - ამ შემთხვევაში, FBI-ის „გადაუნაწილა“.


უსამართლო მოდერირებასთან დაკავშირებული ბრალდებები ასევე არაერთხელ გაჟღერდა COVID პანდემიის და მისი მართვის შესახებ გამოთქმული ალტერნატიული მოსაზრებების ჩახშობის გამოც. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე, 2023 წლის ზაფხულში, ლექს ფრიდმანის პოდკასტში თავად მარკ ცუკერბერგმაც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ „სამეცნიერო დაწესებულებები“ ხშირად სთხოვდნენ, შეეზღუდა ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც მომავალში დადასტურდა.


როგორც ვხედავთ, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს „პასუხისმგებლობის გადაბარების“ მცდელობასთან, რის შედეგადაც, მომხმარებელი ვერ არკვევს, ვის უნდა მოსთხოვოს პასუხი მასალის „დამალვაზე“. თუმცა ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს „რეკომენდაცია“, ბუნებრივია. მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც იღებს გადაწყვეტილებას, ან გადაწყვეტილების მიღების უფლებას რომელიმე „მესამე მხარეს“ ანდობს - ანუ ისევ და ისევ „მეტას“ ადმინისტრაციას.


და ბოლოს, - სულ ახალი შემთხვევებიდან შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ Human Rights Watch-ის 2023 წლის სკანდალური კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ ისრაელ-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ „მეტა“ სისტემატურად „ახშობდა პრო-პალესტინურ ხმას“ და მათ შორის, შლიდა ომის მსხვერპლთა ფოტოებს ძალადობის ამსახველი გამოსახულების შეზღუდვის არგუმენტით; მაშინ, როცა თავად „მეტას“ რეგულაციებით, ამგვარი მასალა ახალი ამბების (ანუ „ნიუსის“) კატეგორიაში უნდა მოხვედრილიყო და შესაბამისი სტანდარტით შეფასებულიყო.


ერთი სიტყვით, ფაქტია, რომ „ფეისბუკის“ მოდერაციასთან მიმართებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა; და ეს კითხვები აქვთ არა მხოლოდ პოლიტიკურ აქტორებს, არამედ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც არასდროს ყოფილან აფილირებული რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან.


მაგალითად, იგივე Human Rights Watch-მა ჯერ კიდევ 2021 წელს ატეხა განგაში იმასთან დაკავშირებით, რომ „ფეისბუკი“ სისტემატურად და უსამართლოდ ახშობდა პალესტინელების ხმას. ამ განგაშს კომპანიამ უპასუხა დაპირებით, რომ გამოასწორებდა შეცდომებს და საერთოდ, მოაწესრიგებდა ამ საკითხს. თუმცა Human Rights Watch-ის შეფასებით, 2023 წლის ბოლოსთვის „მეტას“ არა მხოლოდ არაფერი გამოუსწორებია, არამედ პირიქით, მიკერძოებული და უსამართლო ცენზურის პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა.


ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სოციალური ქსელის გამოყენებისას ჩვენ ვიღებთ კომუნიკაციის უზარმაზარ შესაძლებლობას, ხოლო თავად ეს ქსელი (ანუ მისი ხელმძღვანელობა) იღებს ასევე უზარმაზარ ძალაუფლებას, რომელიც შესაძლოა, ყოველთვის კეთილსინდისიერად არ იყოს გამოყენებული.


ასეთ შემთხვევაში, ობიექტური კრიტიკა არის უკუკავშირის ყველაზე ეფექტიანი მექანიზმი იმისთვის, რომ მოდერაცია სიტყვის თავისუფლების შეზღუდვამდე არ მივიდეს, ხოლო მოდერატორები - ციფრული ეპოქის პოლიტიკურ ცენზორებად არ იქცნენ.


ფოტო poynter.org

ზვიად ლიპარტელიანი
  • 8
  • 4008
0 Comments