წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 2
  • 2389

„გივმან ჩაიცვა აბჯარი“

12 დეკემბერი 2025

რასაც ახლა გიამბობთ, დაუჯერებელი მოგეჩვენებათ, მაგრამ სრული სიმართლეა.


1980-იანი წლების შუა ხანებში ერთ-ერთ რესპუბლიკურ ქართულ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია, რომლის ავტორი გვარწმუნებდა, რომ უკანონოდ წარმოებული საქონლის აღმნიშვნელი სიტყვა-ბარბარიზმი „ლევი“ („მარცხენა [საქონელი]“) რუსული „левый“ კი არ იყო, არამედ მომდინარეობდა ფრანგული ზმნიდან lever, რასაც რაღაცის მაღლა აწევის გაგება აქვს. „მაღლა აწევა“ კი ამ შემთხვევაში მაღალხარისხოვნებას ნიშნავს, ვინაიდან უკანონოდ წარმოებული საქონელი მაღალხარისხოვანი თუ არ იქნა, ვერ გასაღდება და მოგებასაც ვერ მოიტანსო.


და, რაც მთავარია, ფრანგულიდან (!) მომდინარე ეს სიტყვა – „ლევი“ – ამ მნიშვნელობით ძველ ქართულშივე იხმარებოდაო. ამის დასტურად დამოწმებული იყო ფრაზა სახარებიდან: „დაუმზადა ლევი პური დიდი იესუს სახლსა შინა თჳსსა“ (ლუკა, 5, 29), – აი მასპინძელს იესოს პატივსაცემად ძვირფასი სუფრა („ლევი პური დიდი“) გაუშლიაო.


რა თქმა უნდა, „ლევი“-ს ზემოთ ნახსენებ ფრანგულ ზმნასთან არავითარი კავშირი არა აქვს: ლევი ადამიანის საკუთარი სახელია, სახარების პერსონაჟია, მებაჟე, იმ დღეს იესოს მასპინძელი, მაგრამ, თუ ასეა, მოთხრობითი ბრუნვის ნიშანი სად არის? მოთხრობითი ბრუნვის ის ნიშანი, რომელიც სახარების ახალ თარგმანში ესოდენ კარგად ჩანს: „გაუმართა მას [იესოს] ლევიმ თავის სახლში დიდი წვეულება“.


საქმე ის გახლავთ, რომ ძველ ქართულში ადამიანის საკუთარი სახელი სახელობითშიც და მოთხრობითშიც წმინდა ფუძის სახით იყო წარმოდგენილი, უბრუნვისნიშნებოდ. ხალხური ლექსი ხომ გახსოვთ: „ავთანდილ გადინადირა ქედი მაღალი ტყიანი“ – აქ „ავთანდილ“ მოთხრობითი ბრუნვაა – ავთანდილ-მა გადინადირა. რუსთაველი რომ წერს: „ავთანდილ იგი მინდორი ოთხ-ახმით გარდაიარაო“, აქაც „ავთანდილ“ მოთხრობითია: „ავთანდილ-მა გა[რ]დაიარაო“.


„ლევი“-სა და „ავთანდილ“-ს შორის ის განსხვავებაა, რომ პირველი ხმოვნით თავდება, მეორე – თანხმოვნით, და, რაკი ძველ ქართულში მათთვის მოთხრობითი ბრუნვის ნიშანი არ სჭირდებოდათ, არც იმ დილემის წინაშე იდგნენ, „ლევიმ“ ეთქვათ თუ „ლევმა“, „ავთანდილმა“ თუ „ავთანდილიმ“. ახალ ქართულში კი, მას შემდეგ, რაც საკუთრი სახელები საზოგადო სახელებივით იბრუნვის, ეს თავსატეხი გაჩნდა.


ერთადერთი, რაც ყველასთვის უდავოა, აი ამ ფორმათა შეუძლებლობაა: აკაკ-მა, გიორგ-მა, ტერენტ-მა, სერგ-მა, ნანულ-მა, მერ-მა... ასე არც არავინ ამბობს და არც არავინ წერს. მაგრამ სახელების უმეტესობას რაც შეეხება, გაიხსენეთ რამდენჯერ შეუსწორებიათ ჩვენთვის კარგ მოქართულეებს, ნუ ამბობთ „თამაზიმ“ (ან: „თენგიზიმ“, „გურამიმ“, „ლევანიმ“, „ოთარიმ“, „ვახტანგიმ“...), თქვით ასე: „თამაზმა“ (ან: „თენგიზმა“, „გურამმა“, „ლევანმა“, „ოთარმა“, „ვახტანგმა“...).


წესი ასეთია: თუ ბოლოხმოვანი „ი“ ფუძისეულია (აკაკი, გიორგი...), ის ყველა ბრუნვაში უნდა დარჩეს (აკაკი-მ, გიორგი-მ), ხოლო თუ ფუძისეული არ არის (თამაზ-ი, ლევან-ი...), მაშინ სახელობითი ბრუნვის ნიშანი ყოფილა და სხვა ბრუნვებში აღარ იქნება საჭირო მისი გამეორება (თამაზ-მა, ლევან-მა...).


მაგრამ განა ყოველთვის ასე ადვილია იმის გარკვევა, „ი“ ფუძისეულია თუ ბრუნვის ნიშანს წარმოადგენს? აი, მაგალითად, „უშანგი“. აქ „ი“ ფუძისეულია? ანუ რომელია სწორი ფორმა – „უშანგიმ“ თუ „უშანგმა“? მართებულია „უშანგმა“-ო, გვეუბნება ორთოგრაფიული ლექსიკონი. მე კი სულ „უშანგიმ“ მესმის (მეც ასე ვამბობ) და ამასვე ვკითხულობ წიგნებშიც უმთავრესად. აი სახელდახელოდ მოძიებული მაგალითი: უშანგიმ ყვითელი ვენური სკამი მოიწია მაგიდასთან“ (ედიშერ ყიფიანი. „ოქროსფერი ანაფორები“).


აგერ, ინტერნეტში განთავსებულია კოტე მარჯანიშვილის წერილი უშანგი ჩხეიძისთვის მიწერილი (ხელნაწერია), რომელიც ასე იწყება: „ჩემო უშანგი!“. არადა, ორთოგრაფიული გვეუბნება წოდებითში „უშანგ!“ უნდაო.


მართლაც, „ყარამანიანში“ ვკითხულობთ: „ამა ამბისა მსმენელმან უშანგმან ესრე თქვა...“, „ვინ იცის, უშანგს რამდენი ხელმწიფენი ამოუწყვეტია“.


ასე დამართვია „გივისაც“! მეორე „ი“ არც აქ ყოფილა თავიდან ფუძისეული, ამიტომ მოთხრობითში იქნებოდა... აი ვნახოთ როგორ ყოფილა მოთხრობითში: გივმან ჩაიცვა აბჯარი, წყლის პირსა იარებოდა“, – ნათქვამია ფალავან გივიზე (მაშინდელი ქართულით: გივ-ზე) „შაჰნამეს“ ძველ თარგმანში. დღეს კი სახელობითის სუფიქსი ამ სახელის ფუძეს მიუერთდა და ასე იბრუნვის: გივი, გივი-მ, გივი-ს...


პირიქითაც ხდება. აკადემიკოს აკაკი შანიძის „ქართული ენის გრამატიკის საფუძვლებში“ ვკითხულობთ: „ზოგიერთ საკუთარ სახელს, უცხო წამოშობისას, ძველად ფუძისეული ჰქონდა ბოლოში: ანტონი, ბასილი, გრიგოლი, ნესტორი, მაგრამ დღეს გვაქვს: ანტონ, ბასილ, გრიგოლ, ნესტორ ( სახელობითის ნიშნად იქნა გაგებული და მოკვეცილი)“.


მივაქციოთ ყურადღება იმას, რაც ფრჩხილებში წერია: სახელობითის ნიშნად იქნა გაგებული და მოკვეცილი“, და ვიკითხოთ: მარტო საკუთარ სახელებს შეიძლება მოუვიდეთ ასეთი რამ, თუ საზოგადო სახელებსაც (ცხადია, უცხო ენებიდან შემოსულთ) ემართებათ ეს?


საზოგადო სახელებსაცო, – გვიდასტურებს აკადემიკოსი და იქვე სათანადო მაგალითებსაც ასახელებს:


„უცხო წარმოშობის საზოგადო სახელებშიც ფუძისეული სახელობითის ნიშნად იქნა გაგებული და სხვა ბრუნვებში ჩამოკვეცილი: ბერძნ. მონასტერ-ი, ოლარ-ი, პარასკევ-ი; არაბ. ყად-ი, მუშტარ-ი; სპარს. აბაზ-ი, ზანგ-ი; თურქ. ელჩ-ი, გემ-ი, ყუთ-ი და სხვ.“.


ანუ, წესით უნდა ვამბობდეთ „პარასკევიმ“, „მუშტარიმ“, „აბაზიმ“, „გემიმ“, მაგრამ ამათ ნაცვლად ვამბობთ: „პარასკევმა“, „მუშტარმა“, „აბაზმა“, „გემმა“. „გასაღები ყუთ-ში ჩავდე“-ს მაგივრად, თურმე ასე უნდა გვეთქვა: „გასაღები ყუთ-ი-ში ჩავდე“.


რას გაგონებთ ეს ფრაზა? „ტაქს-ი-ში ჩავჯექი“-ს არ გაგონებთ? „რაგბ-ი-ში შეჯიბრებას“ არ გაგონებთ?


ჰოდა, აი ახლა, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს შეჯიბრება ორ შესაძლებელ ენობრივ ფორმას შორის. როგორ ვთქვათ და ვწეროთ: ტაქსმა თუ ტაქსიმ, რაგბმა თუ რაგბიმ, ჰელსინკმა თუ ჰელსინკიმ, დელმა თუ დელიმ?.. არის ჭიდილი მძაფრი! ვნახოთ, რომელი რომელს!..


მე კი... მე დავწერ (ვწერ კიდევაც) ტაქსიში, ჰელსინკიში, რაკი ლექსიკონები ამისკენ მოგვიწოდებენ, მაგრამ ზეპირმეტყველებისას ძველი ქართველების დარად ამ სიტყვათა ფუძის დამაბოლოებელ „ი“-ს, ჩემი მშობლიური ენის თავისებურების გათვალისწინებით, სახელობითის ნიშნად გარდავქმნი, – იმით გულმოცემული, რომ, როცა ასეთ რამეს „ყუთის“, „ელჩის“ ან „გემის“ მიმართ ჩავდივარ, ქვეყანა არ იქცევა.



ლევან ბრეგაძე
  • 2
  • 2389
0 Comments