წითელი ვერსია
  • შესვლა
  • ავტორიზაცია
დარეგისტრირდით ჩვენს პლატფორმაზე Facebook-ით ან Google-ით
  • 0
  • 342

(მ)ცნება და აღ(თ)ქმა

11 ივლისი 2025

ხშირად გაიგონებთ ფრაზებს, სადაც ბგერობრივად მსგავსი, თუმცა სხვადასხვა მნიშვნელობის სიტყვები არასწორად გამოიყენება.


ამ მხრივ, განსაკუთრებით საგულისხმო ორი პარონიმია: ცნება/მცნება და აღქმა/აღთქმა.


პარონიმი ბგერობრივად თანმხვედრი, მაგრამ განსხვავებული შინაარსის სიტყვებს ეწოდება. მათი აღრევა კი სტილურ ატროფიად მიიჩნევა.


ორივე შემთხვევაში, პარონიმების განმასხვავებელი ერთადერთი თანხმოვანია - და .


თუმცა, როგორც იტყვიან, ძაღლის თავი სწორედ მათშია დამარხული.


უმეტესად, მცნებას ცნება-ს მნიშვნელობით ხმარობენ ხოლმე.


მაგალითად: „დიდებული მცნებაა სიყვარული!“; ან, „კარგად უნდა გავიაზროთ თავისუფლების მცნება!“


რა არის ცნება? - ნებისმიერი ცოდნა, რაც სამყაროს შესახებ გვაქვს, კონკრეტულ კატეგორიებად იყოფა და სწორედ ეს კატეგორიაა ცნება. ის აბსტრაქტულია და იმ სიტყვის შინაარსს გულისხმობს, რასაც მიემართება. სიტყვა/ტერმინი რაღაცას ან ვიღაცას აღნიშნავს, ხოლო ის, რაც აღინიშნება, უკვე ცნებაა.


მაგალითად, სამშობლოს ცნება უფრო ზოგადი კატეგორიაა, ვიდრე სიტყვა სამშობლო. ასევეა მეგობრის, სიყვარულის და ა.შ. ცნება.


რაც შეეხება მცნებას, ამ სიტყვის გაგონებისთანავე ყველას ათი მცნება გაგვახსენდება. დიახ, მცნება ზნეობრივი შეგონებაა. ის სულიერ სწავლებას გულისხმობს. მასში მცნობელიც იგულისხმება, ანუ სუბიექტი, ვინც ეს სწავლება/აზრი/იდეა გვამცნო.


შესაბამისად, არსებობს ცნება მშობელი და არსებობს მცნება - „პატივი ეცი დედასა შენსა და მამასა შენსა“.


არსებობს ცნება თავისუფლება და არსებობს მცნება „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი!“


რაც შეეხება პარონიმს აღქმა/აღთქმა.


უფრო ხშირად, აღთქმას აღქმის მნიშვნელობით ხმარობენ.


მაგალითად: „სიტუაციის ჩემეული აღთქმა“, „ეს საქციელი შენგან არასწორადაა აღთქმული“ და ა.შ.


ზოგჯერ მსგავსი შეცდომა პირიქითაც ხდება: „მან გაუთქმელობის აღქმა დადო“ და ა.შ.


აღქმა ამა თუ იმ მოვლენის, სიტუაციის გააზრება-გაცნობიერებას ნიშნავს. აღიქვა, ანუ დაინახა, გაიაზრა, გაიგო. აღვიქვამთ ნახატს, სამყაროსეულ მოვლენებს, წიგნებს და ა.შ.


ხოლო აღთქმა დაპირებას/შეპირებას, ფიცის დადებას გულისხმობს. მას რელიგიური დატვირთვაც აქვს და ღვთის სიტყვის დამოწმებას - აღთქმულს - ნიშნავს („ძველი აღთქმა“, „ახალი აღთქმა“).


აღთქმა სიტყვის მიცემასაც გულისხმობს - ის სულიერ აქტს გამოხატავს („აღთქმა დადო“).


მაგალითისთვის, ამ პარონიმის მნიშვნელობები შევაჯეროთ: „უფლის სიტყვის სწორად აღქმა დაგეხმარება, შენი აღთქმა არ დაარღვიო“.



ნინია სადღობელაშვილი
  • 0
  • 342
0 Comments