წარ- ზმნისწინიც, აღ- და გან- ზმნისწინების მსგავსად (რომლებზეც წინა ბლოგებში ვილაპარაკეთ) თანამედროვე ქართულში ბოლოხმოვანმოკვეცილიც გვხვდება – „რ“-ს კარგავს ზოგჯერ და გამარტივებული ფორმით გვევლინება – „წა-“.
თვალსაჩინოებისთვის ახლაც სახარების ძველ და ახალ თარგმანებს მივმართოთ.
მათეს სახარების ძველ თარგმანში ვკითხულობთ:
„აღდეგ და წარ-იყვანე ყრმაჲ ეგე და დედაჲ მაგისი და ივლტოდე ეგჳპტედ“ (2,13).
ახალ თარგმანში ეს ადგილი ასეა:
„ადექი, წა-იყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს“.
აქ ზმნისწინის გამარტივება სემანტიკურ (შინაარსობრივ) ცვლილებას არ იწვევს.
ზოგჯერ კი სემანტიკური ცვლილება აშკარაა. შევადაროთ, მაგალითად, ერთმანეთს ეს ორი ფორმა: წარ-სული და წა-სული. ორივე „წასვლა“ ზმნის მიმღეობაა, ოღონდ პირველი მათგანი გაარსებითებულია და ნიშნავს: „ძველი დრო, განვლილი დრო, – ნამყო“ (ქეგლ). წა-სული კი ის არის, ვინც ან რაც აქედან იქით გადაადგილდა, თანაც – მოშორებით (ზოგჯერ პირდაპირი, ზოგჯერაც გადატანითი გაგებით).
ვნახოთ ორი ფრაგმენტი გალაკტიონის ორი სხვადასხვა ლექსიდან, რომლებშიც ეს სიტყვები გვხვდება:
„არა ამაოდ იგი ნაშთები წარსულმა აწმყოს შემოაჯარა“ („სიძველენი“)
და
„მოგონებებში წასული შენს ბაგეს დავეხარბები“ („ხალხური მოტივებიდან“).
ამ ფრაგმენტების ჩვენ მიერ ხაზგასმული „წარსულმა“ და „წასული“ არსებითად ერთი სიტყვის სხვადასხვა ბრუნვის ფორმებია, მაგრამ იმდენად განსხვავებულ შინაარსებს გამოხატავენ, რომ ერთმანეთს ვერ ჩაენაცვლებიან!
„წარსული“ მხოლოდ დროზე ითქმის (მისი სინონიმია „ნამყო“), „წასული“ კი ყველაფერს შეიძლება გულისხმობდეს, ვისაც და რასაც წასვლა შეუძლია (თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით), მათ შორის – დროსაც („ვაი, როგორი უცხო ხარ უკვე და ის ლამაზი დრო წასულია“. – თამაზ ჭილაძე, „შენი შეხვედრა“).
სიკეთე, რაც ამ წინდებულის გამარტივებული ფორმის გაჩენას მოჰყვა, საგრძნობია: ამის შედეგია სემანტიკური დიფერენციაცია, ანუ ენა გამდიდრდა, უფრო მოქნილი გახდა სხვადასხვა ნიუანსის გამოხატვისას.
ამანვე გახადა შესაძლებელი ერთობ გამომსახველი კომპოზიტების – „ფერწასული“, „გულწასული“, „სულწასული“... და იდიომის – „მაგის საქმე წასულია!“ – გაჩენაც.
ასევე აშკარაა სემანტიკური დიფერენციაცია ამ წყვილებისაც: „წარ-მატება“ და „წა-მატება“, „წარ-უშლელი“ და „წა-უშლელი“, „წარ-მოდგა“ და „წა-მოდგა“...
ბევრი ზმნა კი მხოლოდ თავდაპირველი სრული ფორმით დაირთავს ამ ზმნისწინს დღესაც და, როგორც ჩანს, სამომავლოდაც ამ თვალსაზრისით კარგა ხანს არაფერი შეიცვლება. „წარ-მო-დგენის“ გვერდით „წა-მოდგენის“, „წარ-მო-სახვის“ გვერდით „წა-მო-სახვის“, „წარ-მო-ების“ გვერდით „წა-მო-ების“ (ეს ორზმნისწინიანი ზმნებია!)... არსებობა ენას ჯერჯერობით არაფრად არგია.
***
მხოლოდ ძველებური სრული ზმნისწინით ვიყენებთ „წარ-დგენასაც“ (წარ-ადგენს, წარ-დგინა...), რომელსაც ხშირად შეხვდებით საკანცელარიო საბუთების ტექსტში და ვიღაცისთვის (უმეტესად ოფიციალური პირისთვის ან ორგანიზაციისთვის) რაიმე დოკუმენტის მიწოდებას ნიშნავს (დაბადების მოწმობის ასლის წარდგენა, მაგალითად). ასეთ დროს ხშირად წერენ ხოლმე: „ამ განცხადებასთან ერთად გი-რ-დგენთ [თქვენ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის] ასლს“. ამ „რ“-ს დააკვირდით: წარ- ზმნისწინის ნაშთია, რომელიც აქ სრულიად ზედმეტია. ანუ იმავე მოვლენასთან გვაქვს საქმე, რაც აღ- და გან- ზმნისწინებთანაც შეგვხვდა – ზმნისწინის ბოლო თანხმოვანი ზმნის ფუძეს მიუერთდა. გი-რ-დგენთ (ვ-არ-დგენ, ვ-ურდგენ) მეტად უხეშად ხვდება ყურს, ამიტომ გვირჩევენ მის ჩანაცვლებას მართებული ფორმით: „გიდგენთ“ („გიდგენთ [თქვენ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის] ასლს“).
მაგრამ ამასაც თავისი ნაკლი ახლავს: „გიდგენთ“ შესაძლოა არა მარტო „წარ-დგენის“, არამედ აგრეთვე „შე-დგენის“ ან „და-დგენის“ აწმყო დროის ფორმა იყოს, რაც ზოგჯერ მაინც გაუგებრობას და უხერხულობას შექმნის. ამიტომ მას ეს ფორმები უნდა ვარჩიოთ: „წარ-მოგიდგენთ“ ან „წარ-მოვადგენ“! („წარმოგიდგენთ / წარმოვადგენ [თქვენ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის] ასლს“).
არ გეგონოთ, რომ წარმოგიდგენთ/წარმოვადგენ მარტო მომავალი დროა (რაკიღა ზმნისწინის დართვას მოქმედება მომავალში გადააქვს ხოლმე) – აწმყოც არის. „მე წარ-მოვადგენ ამ [სპორტული] გუნდის გულშემატკივართა ერთ ჯგუფს და ამ ჯგუფის წევრთა სახელით მო-გმართავთ“, – ამბობს სიტყვით გამომსვლელი და, აბა, რომელი ამის გამგონე იფიქრებს, რომ ის ახლა კი არ მოგვმართავს ჯგუფის წევრთა სახელით, არამედ მომავალში აპირებს ამას!
„წარ-“ ზმნისწინისათვის
10 ოქტომბერი 2025წარ- ზმნისწინიც, აღ- და გან- ზმნისწინების მსგავსად (რომლებზეც წინა ბლოგებში ვილაპარაკეთ) თანამედროვე ქართულში ბოლოხმოვანმოკვეცილიც გვხვდება – „რ“-ს კარგავს ზოგჯერ და გამარტივებული ფორმით გვევლინება – „წა-“.