წითელი ვერსია
  • 10
  • 4013

ყველაზე მრავალტანჯული სიტყვა

10 აგვისტო 2021

ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XV)


ორთოგრაფიის (მართლწერის) და ორთოეპიის (სწორად წარმოთქმის) თვალსაზრისით ჩვენს ენაში შემოსული ყველაზე მრავალტანჯული უცხო სიტყვა არის ასამბლეა, რომელიც მასმედიაში ხან ანსამბლეის, ხან ასაბლეის, ხან ასანბლეის და ხანაც ანსაბლეის ფორმით გვხვდება.


ასამბლეა კრების/შეკრების აღმნიშვნელი ფრანგული სიტყვიდან (assemblée) მომდინარეობს და ამა თუ იმ მსხვილი ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების მნიშვნელობით იხმარება. განსაკუთრებით ხშირად იგი ამ სიტყვათწყობის წევრად გვევლინება: „გაეროს გენერალური ასამბლეა“, მაგრამ მრავალი სხვა საერთაშორისო, რეგიონული თუ ეროვნული ინსტიტუციის დასახელებაშიც შეიძლება შეგვხვდეს. ინგლისურში ეს სიტყვა ამ ფორმით არის შესული: Assembly, რუსულად ასეა: Ассамблея, ხოლო გერმანელები მის აღსანიშნავად მშობლიურ Versammlung-ს იყენებენ.


ვნახოთ ამ სიტყვის სხვადასხვა დაწერილობის მაგალითები ზემოთ წარმოდგენილი თანამიმდევრობით:


„ანსამბლეა“


„რუსეთის დელეგაციის წევრებს გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე დასასწრებად, ვიზები არ მისცეს“ (fortuna.ge 25.09.2019);


„გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე მეფე სალმან აბდულაზიზმა 193 წევრ სახელმწიფოს მოუწოდა, ერთად იპოვონ გამოსავალი“ (forbeswoman.ge 25.09.2020);


„გენერალურ ანსამბლეაზე, 24-30 სექტემბერს, ნიუ-ორკში თავს იყრის მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი და რამდენიმე ათასი დიპლომატი“ (kavkazplus.com 25.09.2019).


„ასაბლეა“


„სომხეთის ეროვნულმა ასაბლეამ საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა“ (interpressnews.ge 01.04.2021);


ასაბლეაზე ასარჩევი ექვსი მოსამართლის ადგილზე წარდგენილი 18 კანდიდატიდან ხმების ორ მესამედზე მეტი მხოლოდ ორმა კანდიდატმა მიიღო“ (ipress.ge 19.11.2020);


„ჯანმო-ს 73 ასაბლეა Covid-19-ის თემას მიეძღვნა“ (interpressnews.ge 18.05.2020);


„კონგრესმენმა, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასაბლეაში ამერიკის დელეგაციის წარმომადგენელია, გამოთქვა მზაობა აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოსთან ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდასაჭერად“ (imedinews.ge 05.02.2020).


„ანსაბლეა“


„გაეროს გენერალურმა ანსაბლეამ 1990 წლის 14 დეკემბერს, 45/106 რეზოლუციით, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1 ოქტომბერი გამოაცხადა“ (fortuna.ge 01.10.2020);


„თავის მხრივ აზერბაიჯანის პარლამენტის თავჯდომარემ [...] აღნიშნა ეუთო-სთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობა და ის აქტივობები რომელსაც ანსაბლეა ანხორციელებს (უნდა იყოს: ახორციელებს. – ლ. ბ.) ამ პერიოდში“ (pia.ge 28.5.2020);


ანსაბლეის პროტოკოლით სპიკერის სავარძელი უნდა დაეკავებინა ბერძენ დეპუტატს და მას უნდა წაეყვანა სხდომა“ (intermedia.ge 22.06.2019);


„ასანბლეა“


„აზერბაიჯანის ეროვნული ასანბლეის წევრის, ფაზაილ აღამალის, შეფასებით, მოლაპარაკებები აზერბაიჯანის ინტერესებში შედიოდა“ (netgazeti.ge 14.01.2021).


*


სიტყვა ასამბლეა ორგანიზაციის წევრთა საერთო კრების მნიშვნელობით შედარებით ახალი დამკვიდრებულია ყველა ენაში. იოსებ იმედაშვილის „უცხო სიტყვათა ლექსიკონში“, რომელიც 1928 წელს მესამედ გამოიცა, ის არ გვხვდება.


იმავე წელს მოსკოვში გამოცემულ „მალაია სოვეტკსკაია ენციკლოპედიის“ პირველ ტომში არის, მაგრამ სრულიად სხვა მნიშვნელობა აქვს – მეჯლისს აღნიშნავს, პეტრე პირველის ბრძანებით შემოღებულს იმისათვის, რომ ზეპური საზოგადოების წარმომადგენელნი ევროპული ყაიდის ურთიერთობაში გაწაფულიყვნენ.


ამრიგად, არც ანსამბლეა (რომელიც ალბათ „ანსამბლის“ ანალოგიით გაჩნდა), არც ასაბლეა, არც ასანბლეა და არც ანსაბლეა სწორი არ არის. ეს სიტყვა უნდა ვწეროთ და წარმოვთქვათ ისე, როგორც ის ქართული ენის განმარტებით და ორთოგრაფიულ ლექსიკონებშია წარმოდგენილი – ასამბლეა.


ლევან ბრეგაძე
  • 10
  • 4013
0 Comments