წითელი ვერსია
  • 6
  • 3098

მრავლობითი მნიშვნელობის შესახებ

02 აგვისტო 2025

„საქართველოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლები ეწვივნენ“;


„მოედანზე ბევრი ადამიანები შეკრებილიყვნენ“;


„მან უცხოეთში ათი საუკეთესო დღეები გაატარა...“


ეს მაგალითები სხვადასხვა მედიიდან, სოციალური ქსელიდან თუ პირადი საუბრებიდან არცთუ ისე იშვიათად მსმენია. ისინი იმ შეცდომათა ზოგადი ნიმუშია, რომლებსაც ხშირად ვუშვებთ ხოლმე, როცა საქმე მრავლობითი მნიშვნელობის გამოხატვას ეხება.


ებ-იან მრავლობითში მდგომი სულიერი და უსულო სახელების და კრებითი სახელების შესახებ უნდა გვახსოვდეს, რომ:


ა) თუკი სუბიექტი კრებითი სახელია და მის სიმრავლეს შინაარსობრივი კონტექსტი აქვს (ხალხი, ლაშქარი, ერი, ჯოგი და ა.შ.), მაშინ ზმნა მხოლობით რიცხვში შეეწყობა. მაგალითად: საზოგადოება შეიკრიბა; ლაშქარი დაიძრა (და არა საზოგადოება შეიკრიბნენ, ლაშქარი დაიძრნენ და ა.შ.)


ბ) ზმნაში სიმრავლე არ აისახება იმ შემთხვევაშიც, თუკი სუბიექტს სიმრავლის მსაზღვრელი სიტყვა (ეს შეიძლება იყოს რიცხვითი სახელი - ასი, ბევრი, უთვალავი; ნაცვალსახელი - ზოგი, ყველა და ა.შ.) უკვე თან დაერთვის. მაგალითად: სხვადასხვა საკითხი, ბევრი ადამიანი, ზოგი იდეა, ათი დღე (და არა სხვადასხვა საკითხები, ბევრი ადამიანები, ზოგი იდეები და ა.შ.)


გ) ზმნა მხოლობითში შეეწყობა იმ შემთხვევაშიც, თუ სუბიექტი ებ-იან მრავლობითში მდგომ უსულო სახელს წარმოადგენს. მაგალითად: ტყეები ფოთლებისგან განიძარცვა, სხივები მოეფინა და ა.შ.


გამონაკლისი ეხება გასულიერებულ უსულო საგანს (ძირითადად, მხატვრულ ლიტერატურაში გვხვდება) და ამ შემთხვევაში ზმნაც მრავლობითში გვაქვს. მაგალითად: მთები აბუბუნდნენ, ახმაურდნენ სამრეკლოები, ქვები ღაღადებენ და ა.შ.


ნინია სადღობელაშვილი
  • 6
  • 3098
0 Comments