წითელი ვერსია
  • 1
  • 566

როლი, წვლილი, ღვაწლი

16 ივნისი 2025


ძლიერ გავრცელებული, მაგრამ... არასწორი!

(ნაწილი XLI)



როლი შეასრულა ან როლი ითამაშა პირდაპირი გაგებით მსახიობის მიერ სპექტაკლსა თუ კინოში რომელიმე პერსონაჟის განსახიერებას ნიშნავს, გადატანითი მნიშვნელობით კი ამ გამოთქმით რაიმე საქმეში ვინმეს მონაწილეობის შედეგს აფასებენ დადებითი ან უარყოფითი ნიშნით (მაგ.: „უდიდესი როლი შეასრულა სპორტის ამ სახეობის განვითარების საქმეში“; „მან თავისი ქვეყნის ისტორიაში დამღუპველი როლი ითამაშა“...) და უმთავრესად პუბლიცისტური ხასიათის ტექსტებში გვხვდება.


ეს იდიომი (გადატანითი მნიშვნელობით როცა გამოვიყენებთ, ამ სიტყვათშეხამებას უკვე შეგვიძლია იდიომი ვუწოდოთ ანუ ხატოვან გამოთქმად მოვიხსენიოთ ის) მრავალ სხვა ენაშიც გვხვდება და, როგორც ჩანს, რომელიღაც მათგანიდან გადმოვიდა ჩვენთან.


ამ იდიომს სინონიმური გამოთქმებიც მოეპოვება: „წვლილი შეიტანა“ და „ღვაწლი მიუძღვის“. ესენი ადვილად ჩაენაცვლებიან მას, მაგალითად, ზემოთ ნიმუშად მოყვანილ ფრაზაში: „უდიდესი წვლილი შეიტანა სპორტის ამ სახეობის განვითარების საქმეში“, ან: „უდიდესი ღვაწლი მიუძღვის სპორტის ამ სახეობის განვითარების საქმეში“.


ეს სამი გამოთქმა მხოლოდ სტილისტიკურად განსხვავდება ერთმანეთისგან. „როლი შეასრულა/ითამაშა“ ნეიტრალური სტილია, „წვლილი შეიტანა“ – ცოტა ამაღლებული (თუნდაც იმის გამო, რომ ბიბლიური წარმომავლობისაა), ხოლო „ღვაწლი მიუძღვის“ მაღალფარდოვანი ნათქვამია (კეთილი მიზნის მისაღწევად გაისარჯა, „ღვაწლად“ მოხსენიების ღირსი საქმე გააკეთა, და ეს საქციელი მას, – ხატოვნად რომ ვთქვათ, – თითქოს წინ მიუძღვის, გზას უკაფავს, ამქვეყნადაც არგებს და, იმედია, იმქვეყნადაც წაადგება).


იმის გამო, რომ ეს გამოთქმები სინონიმურნია, მათ შემადგენელ ნაწილებს ხშირად ერთმანეთში ურევენ. მაგალითად, ნაცვლად იმისა, რომ თქვან და დაწერონ „როლი შეასრულა/ითამაშა“ ან „წვლილი შეიტანა“, ამბობენ და წერენ – „როლი შეიტანა“. ვნახოთ მაგალითები მასმედიიდან:


„საქართველო არის ნატო-ს ერთგული პარტნიორი და მან მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში“;


„ჩაის კულტურის აღორძინებაში მჟავანაძემ უდიდესი როლი შეიტანა“;


„ამაში თავისი განსაკუთრებული როლი შეიტანა პრემიერ-მინისტრის აქტიურმა დინამიკამ“;


„დასრულდა პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეიტანა ჩვენი მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში“;


„ბოლოს გამოჩნდა აგენტი, რომელმაც გარდამტეხი როლი შეიტანა დიკაპრიოს მომავალში. იმასაც ამბობენ, რომ მის კარიერაში მნიშვნელოვანი როლი მისმა ქალურმა სილამაზემ იმოქმედა“.


ამ ბოლო მაგალითში „როლი შეიტანას“ „როლი იმოქმედაც“ დაემატა – სტილისტიკური სუპერკურიოზი!


„როლის შეტანა“ (თუ პიესის ან სცენარის რედაქტირების ამ მისი ახალი ვერსიის თაობაზე არ არის ლაპარაკი) ყოვლად წარმოუდგენელი რამ არის, ამიტომ ზემოთ დამოწმებულ მაგალითებში „შეიტანა“ აუცილებლად „ითამაშა/შეასრულათი“ უნდა ჩანაცვლდეს.


* * *


ასევე მეტად ხშირია ჩვენს მასმედიაში „როლი შეასრულა/ითამაშასა“ და მისი სხვა სინონიმური გამოთქმის „ღვაწლი მიუძღვის“ ყოვლად გაუმართლებელი „შერწყმის“ შემთხვევები (ზოგჯერ ირონიული შეფასებისთვის გამიზნული):


„ამაში, ყველაფერში ძალიან დიდი როლი მიუძღვის ევროკავშირს“;


„საგამოძიებო კომისიას გაურბიან ის ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებსაც 2012 წლამდე არსებული რეჟიმის შექმნაში დიდი როლი მიუძღვით“;


„ვინ არის ყოფილი მოსამართლე ინგა თორდია და რა როლი მიუძღვის საქართველოში სასამართლოზე ორგანიზებულ შეტევებსა და ხელოვნურ დისკრედიტაციაში“;


„ძალიან ცუდი როლი სწორედ პარლამენტს მიუძღვის მოსამართლეების დანიშვნის კუთხით“.


როლი ვერავის ვერსად გაუძღვება, ვერც პირდაპირი და ვერც გადატანითი მნიშვნელობით. როლს თამაშობენ ან ასრულებენ.


* * *


ახლა ეს ფრაგმენტები წავიკითხოთ:


„ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმინისტრმა, ალექსანდრე ანქვაბმა, რუსეთის მთავრობის მეთაურს, მიხეილ მიშუსტინს დიდ სამამულო ომში გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცა. როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, „საბჭოთა კავშირის მრავალეროვნული ხალხი გამარჯვებისთვის იბრძოდა და ყველამ ერთად საერთო სამშობლოს გადარჩენის სახელით უკვდავი ღვაწლი შეიტანა“;


„ოლივერ უორდროპი იყო ადამიანი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საქართველო-ბრიტანეთის ურთიერთობებს და უდიდესი ღვაწლი შეიტანა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, კულტურული და ხალხთა შორის კავშირების განვითარებაში“.


„ღვაწლის შეტანაც“ „როლის შეტანა“-ზე არანაკლებ უმართებულო ნათქვამია. „ღვაწლი“ ასეა განმარტებული ლექსიკონში: „საქვეყნო საქმისთვის გაწეული შრომა, – ამაგი, სამსახური“. ჰოდა, განა შეიძლება შრომა, ამაგი, სამსახური სადმე შევიტანოთ?! შეტანა შეიძლება წვლილის, რომელიც თანამედროვე ქართულში წილს, შენატანს ნიშნავს (იხ. ქეგლ), ძველ ქართულში კი „მწულილ“ ფორმით გვხვდება და წვრილი ფულის ერთეულის სახელია. თავში ვთქვით, რომ „წვლილის შეტანა“ ბიბლიური წარმომავლობის მქონე იდიომია. ახლა დავაკონკრეტოთ:


სახარებაში წერია, რომ საქველმოქმედო თანხის შეგროვებისას ერთმა ღარიბმა ქვრივმა დედაკაცმა მხოლოდ ორი „მწულილის“ შეწირვა შეძლო, მაშინ, როცა მდიდრებმა ბლომად გაიღეს გასაცემელი. ამის გამო მაცხოვარმა თქვა: „ამ საწყალმა ქვრივმა ყველა ჩამგდებზე მეტი ჩააგდო საგანძურში. ვინაიდან ყველა აგდებდა იმას, რაც ზედმეტი ჰქონდა, ხოლო მან ჩააგდო მთელი თავისი სისაწყლე, მთელი თავისი საბადებელი“ (მარკოზი 12, 43-44).


„მწულილიდან“, რაც ბერძნული „ლეპტოს“-ის, ფულის წვრილი ერთეულის გადმოქართულებული (თარგმნილი) შესატყვისია, თანამედროვე ქართულში მივიღეთ „წვლილი“ ზემოაღნიშნული მნიშვნელობით (სახარების ახალ თარგმანში უკვე უთარგმნელადაა დატოვებული „ლეპტა“, ისევე როგორც რუსულში იყო. გერმანულში არის Scherflein, ინგლისურში – mite, ფრანგულში – petite pièce).


* * *


როცა „წვლილის“ მნიშვნელობა და წარმომავლობა, ვიცით, იმის მიხვედრაც არ უნდა გაგვიჭირდეს, რომ არც ამ ბოლო დროს მოხშირებული სიტყვათშეხამება „წვლილი მიუძღვის“ არის მართებული, თუმცა ის ისე არ გვჭრის ყურს, როგორც „როლი შეიტანა“ ან „როლი მიუძღვის“ (ალბათ იმიტომ, რომ „წვლილი“ და „ღვაწლი“ მნიშვნელობით ჰგვანან ერთმანეთს).


მაგალითები:


„ბარციცს წვლილი მიუძღვის რუსეთსა და აფხაზეთს შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდაში“;


„ასე რომ, თუ კი ვინმეს წვლილი მიუძღვის საერთაშორისო თაღლითური სქემების წინააღმდეგ ბრძოლაში, ეს არის საქართველოს შესაბამისი მორეაგირე უწყებები საქართველოს გენერალური პროკურატურის მეთაურობით“;


„წვლილი მიუძღვის“ ესეც ორი იდიომის – „წვლილი შეიტანა“-სა და „ღვაწლი მიუძღვის“ ნაჯვარია. „ღვაწლი“, როგორც ზემოთ ვთქვით, საქვეყნო საქმისთვის გაწეული შრომაა, ამაგია, ხოლო „წვლილი“, ძველად წვრილ ფულს რომ ნიშნავდა, ახლა წილად, შენატანად იქცაო, ლექსიკონი გვეუბნება. მაშასადამე, წვლილი ჯერ უნდა შევიტანოთ, ღვაწლად ვაქციოთ, რათა მერე ის (კვლავაც ხატოვნად რომ ვთქვათ!) სასიკეთოდ წაგვიძღვეს ცხოვრების გზაზე.


ასე რომ, სამივე ბოლო მაგალითში „წვლილი მიუძღვის“ უნდა ჩანაცვლდეს გამოთქმით „წვლილი აქვს შეტანილი“.


* * *


ასე და ამრიგად:


როლს ვასრულებთ/ვთამაშობთ,


წვლილი შეგვაქვს,


ღვაწლი მიგვიძღვის.



ლევან ბრეგაძე
  • 1
  • 566
0 Comments